“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს – “ეს არის პანღური”.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უდუმაშვილმა განაცხადა, დღეიდან ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი. მისი თქმით, ზვიად კუპრავა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში იმყოფება და მიმალვას არ აპირებს.
დღეს მოსამართლე ელენე გოგუაძემ კიდევ ერთხელ განუცხადა საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, მაგრამ არსებობს სუს-ის ნოტარიუსთა პალატა. სხვა სახელს ვერ დავარქმევთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ამ მოსამართლემ მიიღო. შესაბამისად, დღეიდან ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი. მართლაც სასაცილო იქნებოდა ის ბრალდება, რის გამოც ზვიად კუპრავას დაკავება გადაწყდა, საქმე რომ არ გვქონდეს ადამიანის თავისუფლების აღკვეთასთან”,- განაცხადა უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, კუპრავას დევნიან იმ პოლიტიკური აქტიურობისთვის, რომელსაც ის წლების მანძილზე ახორციელებს და რომელიც ემსახურება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას.
ენმ-ის ლიდერი ახსენებს და აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ “თითოეული მათი თანამებრძოლი, რომელიც პოლიტიკური პატიმარი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ აახლოებს “ქართული ოცნების” დასასრულს”:
უკვე 4 საათია, რაც გადაწყვეტილება არის მიღებული და ჩვენ დღეს მოვისმინეთ, თითქოს მიმდინარეობს ზვიად კუპრავას ადგილმდებარეობის დადგენა. ეს სასაცილოა, რადგან ამ საათების განმავლობაში ჩვენ ყველა, მათ შორის ზვიადიც, ვიმყოფებით ჭავჭავაძის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში, და არც აპირებს აქედან სადმე გასვლას ან მიმალვას. “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს შევახსენებ, რომ თითოეული ჩვენგანის დაკავება მათ ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდება და საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს – ეს არის პანღური. ამ პანღურს საქართველოს მოსახლეობისგან ხელისუფლება უახლოეს მომავალში მიიღებს.”
მთავარმა პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ კუპრავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა გაერთანებული ოპოზიციის წევრი ამ დრომდე ოფისში იმყოფება.