ახალი ამბები

ჩვენ რომ “ნაცმოძრაობას” ვებრძოდით, ირაკლი კობახიძე გოგლი-მოგლს მიირთმევდა – ბესელია

21 თებერვალი, 2019 •
ჩვენ რომ “ნაცმოძრაობას” ვებრძოდით, ირაკლი კობახიძე გოგლი-მოგლს მიირთმევდა – ბესელია

“ჩვენ  რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ვერბძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავძლებდით და გადავრჩებოდით თუ არა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას.

ბესელიას კრიტიკა გამოიწვია ირაკლი კობახიძის სიტყვებმა, რომ “კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ძალიან ნიშანდობლივია”.

“გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ თავს უფლებას აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებს ჩემს ბოლო დასკვნით სიტყვაში. პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იქნება ამ ნაბიჯების მერე, ამ პასუხებს მოისმენს ისიც და საზოგადოებაც.  ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, გუშინ რომ ბოროტებას სჩადიოდნენ [ის ადამიანები], დღეს კეთილად გასხივოსდნენ, მორალურად ჩემთვის ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ისინი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და დღესაც ვებრძვით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და დააანონსა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ, ირაკლი კობახიძეს “მწარე პასუხს” გასცემს.

ეკა ბესელიას თქმით, ის არის “გადაწყვეტილების მიჯნაზე”, რომელიც ვიღაცისთვის პარლამენტში, შეიძლება, ძალიან სასურველია.

“ეს ის “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალია, რომელსაც, სამწუხაროდ, ვხედავ იმ უმრავლესობაში, რომელსაც გუნდს ვეძახი. ნიკა მელია, სამადაშვილი თუ რატიანი ჩემთვის ერთი მთლიანია, დაგვიჭერენ თუ არა მხარს, ჩემთვის არაა მთავარი. უბრალოდ ხმების რაოდენობა გვჭირდება, რომ ინიციატივა გავიდეს. ისინიც კი ხვდებიან, რომ არაპოპულარულია ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არ იცავს, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს”, – განაცხადა ბესელიამ.


პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს.  “ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დარჩება თუ არა მმართველ პარტიაში, სწორედ აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გუშინ, 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება და აღმნიშნა, რომ  ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი