ახალი ამბები

დიდი დმანისის მოსახლეობა RMG Gold-ისგან კომპენსაციას ითხოვს

12 აგვისტო, 2014 • • 1201
დიდი დმანისის მოსახლეობა RMG Gold-ისგან კომპენსაციას ითხოვს

დიდი დმანისის მკვიდრი მურად მარტიაშვილი ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლები ხვალ შეიკრიბებიან და აქციის გამართვის შესახებ დეტალებზე შეჯერდებიან. მარტიაშვილის თქმით, მათ პერმანენტული აქციების გამართვა სურთ, რადგან RMG Gold-ი წიაღისეულს ღია კარიერული წესით მოიპოვებს მათი სახნავ-სათესი ფართების სიახლოვეს, რის გამო ისინი მიწას ვეღარ ამუშავებენ.

“გამაფრთხილებელი აქცია გვინდა, რომ კომპანიას მესიჯი გავუგზავნოთ, რომ ჩვენ გვინდა ცხოვრება, სიცოცხლე და ეს სახლში ჯდომით რომ არ დავიხოცოთ და თავი გადავირჩინოთ,”- ამბბოს მარტიაშვილი.

 

მარტიაშვილის თქმით, RMG-ის საბადო სოფელთან ახლოს, 500-600 მეტრში, მდებარეობს. იქვე აქვთ მოწყობილი ციანიდის გამოსატუტი მოედნები, რამაც მათი სახნავ-სათესი მიწები უნაყოფო გახადა. მარტიაშვილის თქმით, მიწები ხუთი წელია მიტოვებული აქვთ:

“არის ჯანღი, ბუქი, მტვერი, ვერ გაჩერდება ადამიანი. მიწები მიგვატოვებინეს, ვერანაირად ვერ ვსარგებლობთ. მთელი ხეხილი გადაგვიხმო ამ ციანიდმა და მტვერმა. კარგ ამინდში მტვერია, როცა გაწვიმდება, ტალახი ასხია”

მარტიაშვილის თქმით, სოფლის მცხოვრებლები ნიწებზე კარტოფილსა და პომიდორს თესავდა. ნაკვეთების საერთო ფართი 50 ჰექტრს შეადგენს. ამის გარდა, RMG Gold-მა მოანგრია კვირაცხოვლის არხის სათავე ნაგებობა, რომლის წყალსაც სოფელი სარწყავად იყენებდა, ამბობს მარტიაშვილი.

“ჩვენი საკუთარი მიწები დავთმეთ და 700 ლარს ვიხიდთ ნაკვეთებში, რომ წლიდან-წლამდე თავი გავიტანოთ და მშივრები რომ არ დავიხოცოთ.”

 

კითხვაზე, თუ რამდენს მოითხოვს სოფელი კომპენსაციის სახით კომპანიისგან, მარტიაშვილი ამბბოს, რომ ისინი იმ თანხას დაითვლიან, რაც მათი აზრით მიადგათ. მარტიაშვილი ამბობს, რომ მათ ადრე ჰქონდათ RMG Gold-ის წარმომადგენლობასთან შეხვედრა, თუმცა კომპანიამ ისინი “მასხრად აიგდო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი