ახალი ამბები

ივანიშვილი #5 სტიკერიანი მანქანით მოვიდა საარჩევნო უბანზე – ბობოხიძე 2008 წლის არჩევნებზე

21 თებერვალი, 2019 •
ივანიშვილი #5 სტიკერიანი მანქანით მოვიდა საარჩევნო უბანზე – ბობოხიძე 2008 წლის არჩევნებზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” იმ ნაწილს მიმართა, რომელიც, მისი თქმით, წინა ხელისუფლების საქმიანობით “აღშფოთებულია”. ბობოხიძემ მმართველ გუნდს შეახსენა, რომ ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ყველა იმ გახმაურებული საქმის შემდეგ უჭერდა მხარს, რომლის გამოც წინა ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი იყო.

“რატომ გეგონათ, ბატონებო, რომ ბიძინა ივანიშვილი რამეს შეცვლიდა და თუ სადმე სისტემაში ხარვეზი იყო, მართლა მის გამოსწორებას ეცდებოდა? თქვენს პოლიტიკურ საბჭოში მხოლოდ ორი ფიგურა შემორჩა პოლიტიკური: ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე. 2007 წლამდე, მაშინ როცა დაინიშნა რიგგარეშე საპრეზიედენტო არჩევნები, უკვე მომხარი იყო ყველა გახმაურებული საქმე, რომელზეც თქვენ სპეკულირებდით: გირგვლიანი, რობაქიძე, 7 ნოემბერი… 7 ნოემბერს მოჰყვა ყველაფერი ეს და კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, ხოლო ბატონი ბიძინა ივანიშვილი დემონსტრაციულად, მანქანაზე 5 ნომერგაკრული სტიკერით მოვიდა საარჩევნო უბანთან და ამით გამოხატა მხარდაჭერა  ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს იყო ძალიან კარგი იმ დროს, მაგრამ ამ კაცისგან თქვენ მართლა ელოდებოდით, რომ რამეს შეცლიდა?” – მიმართა ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სისტემის შეცვლა კი არა, მხოლოდ სისტემის დამორჩილება უნდოდა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურს და ჰკითხა, მართლა ჰქონდა თუ არა აკაკი ბობოხიძის მიერ აღწერილ ფაქტს ადგილი 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა პარტიაში ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი