ახალი ამბები

მაღალმთიან სოფლებში ექიმად მუშაობის პირობით რეზიდენტურას ბიუჯეტი დააფინანსებს

12 აგვისტო, 2014 • • 1618
მაღალმთიან სოფლებში ექიმად მუშაობის პირობით რეზიდენტურას ბიუჯეტი დააფინანსებს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარეზიდენტო პროგრამებით მზადება ფასიანია და  აღნიშნული რეგიონების მაცხოვრებელ, საექიმო სპეციალობის მაძიებელთა ნაწილი უსახსრობის გამო ვერ ახერხებს დიპლომის შემდგომი მზადების პროგრამების გავლას და დასრულებას, ამიტომ ამ პროექტის ფარგლებში სარეზიდენტო პროგრამა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან. 

 

პროგრამის ფარგლებში შეარჩევენ  “პრიორიტეტული”  სპეციალობების სიას, ესენია ზოგადი ქირურგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა და პედიატრია. ასევე, საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე დაწესებულებებში დიპლომის შემდგომი მზადება უწყვეტად იქნება უზრუნველყოფილი. 

 

პროექტი ითვალისწინებს ვალდებულებასაც –  შერჩეულ მაძიებლებთან დაიდება ხელშეკრულება, განსაზღვრულ სამუშაო ადგილზე, გარკვეული ვადით (3 წლით) დასაქმების ვალდებულებით.

 

“კვოტით განსაზღვრულზე მეტი განაცხადის შემთხვევაში ჩატარდება კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სპეციალობის მაძიებელს, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო ,,ბაზარზე“ არსებული საექიმო კადრების დეფიციტის შესწავლა. პროვაიდერ სადაზღვევო კომპანიებს, სამედიცინო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტებს დაეგზავნათ წერილები აღნიშნული ინფორმაციების მოწოდების თაობაზე. მიმდინარეობს პროექტის სამართლებლივი შეფასება, ნორმატიული დოკუმენტის მოსამზადებელი სამუშაოები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

საპილოტე პროგრამის იმპლემენტაცია  ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების დამტკიცების შემდეგ სავარაუდოდ დეკემბერში მოხდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი