ახალი ამბები

“მარშს” სურს, ცენტრალური ქუჩები პრაიდის ჩასაშლელად 2 კვირით ჩაკეტოს

20 თებერვალი, 2019 • 1416
“მარშს” სურს, ცენტრალური ქუჩები პრაიდის ჩასაშლელად 2 კვირით ჩაკეტოს

“ქართული მარშს” თბილისის პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად თბილისის ყველა ცენტრალური ქუჩისა და გამზირის დაკავება სურს. ამის შესახებ ჯგუფის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “TV პირველის”  ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი მოთხოვნა თბილისის მერიაში უკვე შეიტანეს.

“დღეს შევიტანეთ მერიაში განაცხადი, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს… “ქართულ მარშს” 15 ივნისიდან 30 ივნისამდე დაკავებული აქვს თბილისის ყველა ცენტრალური გამზირი თავისი აქციების გასამართად”, – თქვა მან.

ცნობილია, რომ 18-23 ივნისს თბილისში პრაიდის კვირეულის გამართვა იგეგმება. პრაიდის კვირეულის დასასრულს კი “ღირსების მარში” გაიმართება, რომელსაც ორგანიზატორების თქმით, საზეიმო და კარნავალიზებული ფორმა არ ექნება:

“პრაიდის კვირეულს დაასრულებს ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ნეტგაზეთმა მიმართა თბილისის მერიას, რათა დაეზუსტებინა, თუ როდის მიმართა სანდრო ბრეგაძემ უწყებას აღნიშნული განცხადებით. მერიისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი