ახალი ამბები

სომხურ ეკლესიაში ინციდენტზე გამოძიება ძალადობისკენ მოწოდების მუხლით დაიწყო

19 თებერვალი, 2019 •
სომხურ ეკლესიაში ინციდენტზე გამოძიება ძალადობისკენ მოწოდების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, თბილისის ერთ-ერთ სომხურ ეკლესიაში მომხდარი ინციდენტის ამბავზე გამოძიება განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობისკენ მოწოდების მუხლით დაიწყო.

უფრო ზუსტად, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ეთნიკური თუ სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას, “თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს”.

ქმედება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ისჯება.

რამდენიმე დღეა, ფეისბუკზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თბილისში მდებარე სომხურ, სურფგევორქის  ეკლესიაში რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე ადამიანი შედის. იმავე ვიდეოში ჩანს, რომ ეს ადამიანი სომხეთის დროშას ცეცხლს უკიდებს.

როგორც ნეტგაზეთს სურფგევორქის ეკლესიაში განუცხადეს, ვიდეოზე აღბეჭდილი ინციდენტი 2 დეკემბერს მოხდა. მათ თანახმად, “ეკლესიაში სამი ადამიანი შეიჭრა”, სომხეთისა და სომეხი ადამიანების შეურაცხყოფა დაიწყო და მრევლს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შესახებაც აცნობეს როგორც მთავრობას, ისე პოლიციას.

თუმცა, ეკლესიის თანახმად, დროშის დაწვის ეპიზოდი ეკლესიაში და ეზოში დამონტაჟებულ კამერებზე არ ჩანს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როდის და სად დაწვეს დროშა.

დეტალებზე ჯერჯერობით არც შსს საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი