ახალი ამბებიეკონომიკასამართალი

დეპუტატების გამოხმაურებები მამუკა ხაზარაძის წერილზე

19 თებერვალი, 2019 •
დეპუტატების გამოხმაურებები მამუკა ხაზარაძის წერილზე

დღეს დილიდან პარლამენტარებს თიბისი ბანკის საქმესა და მამუკა ხაზარაძის წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტები კომენტარების გაკეთებას სთხოვენ. პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი თიბისი ბანკზე შეტევაში დაადანაშაულა, რომლის მიზანიც, მათი აზრით, წარმატებული ბანკისა და ანაკლიის პორტის პროექტის ხელში ჩაგდების სურვილია. ხელისუფლების წევრები კი აცხადებენ, რომ საკითხის პოლიტიზება გამოძიების და საზოგადოების ინტერესებს დააზიანებს.

ბაქრაძე და ბოკერია – ევროპული საქართველო

საპალრამენტო უმცირესობამ დღეს მამუკა ხაზარაძეს კომიტეტის სხდომაზე მისვლა შესთავაზა იმისთვის, რომ პარლამენტარებთან და ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ღიად და გასაგებად ისაუბრონ ყველაფრის შესახებ.

თუ მას სურს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, ის უნდა იყოს გულწრფელი საზოგადოებასთან,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს – რა ხდება, რას და რატომ ედავება ხელისუფლება თიბისი ბანკს, რა დგას და ვინ დგას ამ დავის უკან?

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთ წევრმა, გიგა ბოკერიამ თიბისი ბანკთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის გუშინდელი განცხადება შეაფასა. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ “როგორც თავად მოიქცევა [ხაზარაძე], ისე იქნება მისი ბანკიც”.

გუშინ მოვისმინეთ ქალბატონი წულუკიანის მორიგი შედევრი, სადაც ღიად დაემუქრა ის ამ კონკრეტულ პირებს. ციტატა მინდა მოგიყვანოთ და მინდა, მოგთხოვოთ ამაზე გამოხმაურება. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ის მოუვა ბანკს, რასაც დაიმსახურებს ბატონი ხაზარაძე. ანუ, როგორც ხაზარაძე მოიქცევა, ისე მოუვა ბანკსო. კონტექსტი იყო ძალიან მკაფიო და თან იქვე იძახის, არაფერში ვერევითო. ამიხსენით, რომელ ხაზს აწვებით – არ ერევით, თუ ცუდ ხალხს ებრძვით? იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ყველას გვახსოვს, რომ აქაც სურათი იყო ძალიან მკაფიო – ჯერ ბატონმა ივანიშვილმა გააკეთა განცხადებები, პირდაპირ, მის სტილში, კონკრეტული დასახელებით სამიზნისა – “თიბისი ბანკის” და ამ პერსონისა – ბატონი ხაზარაძის, რომელიც თურმე უმადურია და მადლობა არ გადაუხადა მას,” – ახადებს ბოკერია.

მისი თქმით, ივანიშვილის პირველ შეტევას მოჰყვა ხელისუფლებასთან დაკავშირებული პროპაგანდის ორგანოების მთელი კამპანიის ორგანიზება სოციალურ ქსელებსა და ყველგან ხაზარაძე/ჯაფარიძის და ამ ინსტიტუტის დემონიზებისთვის.

გიგა ბოკერიას განცხადებით, სწორედ მმართველი პარტიის დამფუძნებლის შეტევის მერე ჩაერთნენ საქმეში სახელმწიფო ინსტიტუტები, თანმიმდევრობით: ჯერ პროკურატურა, შემდეგ კი- ეროვნული ბანკი. გიგა ბოკერია ითხოვს ახსნა-განმარტებას, ეს თანმიმდევრობა უჩენს თუ არა კითხვის ნიშნებს უმრავლესობის დეპუტატებს.

რომან გოცირიძე – ნაციონალური მოძრაობა

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ხელისუფლებას ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდების მიზნით დაწყებული პროცესების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეეშვას სახიფათო თამაშს. ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში – გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები და გინდ, სხვა მნიშვნელობით. არავის არ ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა.”

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი უმრავლესობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და თიბისი ბანკის საკითხის პარლამენტში განხილვას ითხოვს.

მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნება

საპალრამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არაა საჭირო თიბისი ბანკის საქმის ზედმეტი პოლიტიზება, რადგან “შეცდომაში შევიყვანთ საზოგადოებას”. მისი თქმით, ამით სამართალდამცავების და საზოგადოების შესაბამისი ინტერესები არსებითად დაზიანდება.

მთავარი კითხვები, რომლებიც სამართალწარმოების პროცესთან არის დაკავშირებული, უნდა მივმართოთ გამოძიებისაკენ და მის შედეგებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და უნდა დავინტერესდეთ ამით.  ბუნებრივია, პარლამენტი დაინტერესდეს ამ კონკრეტული ქეისით და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინოთ სამართალდამცველი ორგანოების ანგარიში იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც კანონი იძლევა.”

როგორც მდინარაძე აცხადებს, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუ კონკრეტული პირი [ხაზარაძე/ფაჯარიძე] საქართველოს პარლამენტში სასაუბროდ მისვლაზე მზაობას გამოხატავს .

რას აპირებს თიბისი ბანკი

მამუკა ხაზარაძემ და ბადრო ჯაფარიძემ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და დათანხმდნენ საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზებას, დეპუტატებმა მოუსმინონ თიბისი ბანკის ხელმძღვანელებს.

ვრცლად:

მზად ვართ, პარლამენტში დეპუტატებს შევხვდეთ – ხაზარაძე და ჯაფარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი