ახალი ამბები

NGO-ები ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ალტერნატიულ ანგარიშს წარადგენენ

19 თებერვალი, 2019 • 1183
NGO-ები ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ალტერნატიულ ანგარიშს წარადგენენ

“ღია საზოგადოების ფონდი”, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს ბრიუსელში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში წარადგენს.

მონიტორინგის ანგარიში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება, თბილისში 13 თებერვალს გამოქვეყნდა. ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგში განსაზღვრული  მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი. ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები არის ალტერნატიული დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტარები და ევროკომისიის წარმომადგენლები სხდომამდე გაეცნობიან. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა 2019 წლის 5 მარტს, ბრიუსელში გაიმართება.

“ღია საზოგადოების ფონდის” ინფორმაციით, 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში არსამათავრობო ორგანიზაციებს 20-მდე შეხვედრა აქვთ ჩანიშნული. პირველი შეხვედრა 19 თებერვალს ევროკომისიაში იანი ტაივალანტისთან გაიმართება, რომელიც ფედერიკა მოგერინის კაბინეტის მრჩეველია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ამის შემდეგ გაიმართება შეხვედრები ევროკომისიაში ჰანა იაჰანსთან, რომელიც კომისარ იოჰანეს ჰანის კაბინეტს წარმოადგენს,  ევროპარლამენტარებთან- სოციალ-დემოკრატ ანდრეს მამიკინსთან  და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთან ტუნ კელამთან. 20 თებერვალს ჩატარდება შეხვედრები ე.წ. COAST დელეგატებთან, რომლებიც 28 წევრ ქვეყანას წარმოადგენენ. ამავე დღეს გაიმართება შეხვედრა სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ევროპარლამენტარ კლეირ მუდთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან- მეთიუ ბუსკეტთან და მიქაელა ჰაუფთან. 20 თებერვლის შეხვედრები დასრულდება  მწვანეთა ჯგუფის/ევროპის თავისუფალი ალიანსის წარმომადგენელ ევროპარლამენტარ ჰეიდი ჰაუტალასთან შეხვედრით. 21 თებერვალს გაიმართება შეხვედრები ევროკომისრებთან- მარტინ ქვინთან და იან პეტრისთან, ჯიანინა  პოპესკუსთან. ამავე დღეს ასოცირების დღის წესრგისის შესრულების მონიტორინგის ჯგუფი შეხვდება ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს.

ღია საზოგადოების ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი და დემოკრატიის ევროპული ფონდი ბრიუსელში უმასპინძლებენ საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სადაც შეჯამდება ასოცირების ხელშეკრულების გავლენა საქართველოს დემოკრატიასა და საქართველოს მოქალაქეებზე.

 

ამავე თემაზე:

NGO-ები: ევროკავშირთან მართლმსაჯულების კუთხით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ სრულდება

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას გარემოსდაცვით საკითხებში?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი