ნეტგაზეთი | უკრაინის ავიაკომპანიები რუსეთის საჰაერო სივრცეს ტრანზიტისთვის ვეღარ გამოიყენებენ უკრაინის ავიაკომპანიები რუსეთის საჰაერო სივრცეს ტრანზიტისთვის ვეღარ გამოიყენებენ – Netgazeti
RU | GE  

უკრაინის ავიაკომპანიები რუსეთის საჰაერო სივრცეს ტრანზიტისთვის ვეღარ გამოიყენებენ

რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს უკრაინის ავიაკომპანიების ტრანზიტული რეისები მისი ტერიტორიის გავლით რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით. “ეხო კავკაზას” ცნობით, ამის თაობაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

“რუსეთი წყვეტს უკრაინის ავიაკომპანიების ტრანზიტულ რეისებს რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცის გამოყენებით საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მიმართულებით,” – განაცხადა დმიტრი მედვედევმა 7 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე.


ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ამუშავებს საპასუხო ზომებს ევროკავშირის სანქციების გამო ავიაკომპანია “დობროლეტის” წინააღმდეგ: 


“რუსეთის მთავრობა იხილავს მთელ რიგ საპასუხო ნაბიჯებს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დაუყოვნებლივ ამოქმედდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ისინი მაგიდაზე დევს. პირველ რიგში, ეს შეეხება ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების აკრძალვას ტრანზიტისთვის ევროპული და ამერიკული ავიაკომპანიების მიერ აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით,” – განაცხადა მედვედევმა.


ამას გარდა, პრემიერის თქმით, რუსეთის მთავრობა განიხილავს რუსეთის საჰაერო სივრცეში შესვლისა და გასვლის წერტილების ცვლილებას ევროპული გადამზიდავებისთვის, – იუწყება რია ნოვოსტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი