თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება – ვკითხულობთ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” განცხადებაში. ასე გამოეხმაურა კომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ჯარის კვებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, რის გამოც იანვრის ბოლოდან ძალოვანი უწყებები ხორცითა და ძეხვეულით არ მარაგდებიან.
კომპანიის ცნობით, 2019 წლის პირველ თებერვალს ტენდერი მართლაც წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ამ ფაქტს არმიის კვებაზე გავლენა არ მოუხდენია. განცხადების თანახმად, განმეორებითი ტენდერი უკვე გამოცხადდა.
“მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული ტენდერი 2019 წლის პირველ თებერვალს დასრულდა უარყოფითი შედეგით და გამოცხადდა განმეორებითი კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, აღნიშნული პროცესი ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე უარყოფითად არ ასახულა, ვინაიდან წინა ტენდერით გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ისე გაგრძელდა, რომ კვებით მომარაგების წყვეტას ადგილი არ ჰქონია”, – აცხადებს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა”.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით მსგავსი ფაქტები ადრეც მომხდარა, თუმცა “ეს ჯარზე არასდროს ასახულა უარყოფითად”.
“ბოლოს გვსურს ყველას მოვუწოდოთ, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რადგან მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაითვალოს”, – ამბობს კომპანია.
მანამდე, ტელეკომპანია “რუსთავი2” იუწყებოდა, რომ 2 კვირაა, რაც ძალოვანი უწყების სამსახურები ხორცითა და ძეხვეულით არ მარაგდებიან. ამავე ინფორმაციის თანახმად, მანამდე ჩაშლილი ტენდერის ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.