ნეტგაზეთი | ИНСОМАР: აფხაზეთში მოსახლეობის 75% რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა ИНСОМАР: აფხაზეთში მოსახლეობის 75% რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა – Netgazeti
RU | GE  

ИНСОМАР: აფხაზეთში მოსახლეობის 75% რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც რუსეთის კვლევითმა ორგანიზაციამ “სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტმა” (ИНСОМАР) ჩაატარა, აფხაზეთში მოსახლეობის 75 პროცენტი რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უჭერს მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების თანახმად, აფხაზეთის მოსახლეობის სამ მეოთხედს მიაჩნია, რომ საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთთან.


“კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 75% მიიჩნევს, რომ საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთთან და ქვეყანა უფრო ღია უნდა იყოს რუსული ბიზნესისთვის. რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეის მხარდამჭერების რაოდენობა უფრო მეტია (56%), ვიდრე მათი, ვინც იზოლაციონიზმის იდეას უჭერს მხარს (27%)”, – წერს “რია ნოვოსტი”.


ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა აპირებს, მონაწილეობა მიიღოს 24 აგვისტოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. 67-მა პროცენტმა განაცხადა, რომ აუცილებლად მისცემს ხმას, ხოლო 24 პროცენტი ამბობს, რომ სავარაუდოდ მივა საარჩევნო უბანზე.

 

“რია ნოვოსტი” ასევე წერს, რომ ასეთი განწყობების გათვალისწინებით, სოციოლოგები ამომრჩევლების დაახლოებით 70-პროცენტიან აქტივობას ელოდებიან.


“გამოკითხულთა 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. 70 პროცენტზე მეტმა უკვე იცის, ვის მისცემს ხმას. ამ მხრივ რაულ ხაჯიმბა ლიდერობს, რომელსაც 42 პროცენტი უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ასლან ბჟანია (33%), რომელსაც მოყვება აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია (19%)”.

 

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ 2014 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა აფხაზეთის მასშტაბით 1200-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილებამ შესაძლოა 3-4% შეადგინოს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია