ახალი ამბები

გია ვოლსკი: EPP-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადება შეურაცხმყოფელია

6 აგვისტო, 2014 • • 1024
გია ვოლსკი: EPP-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადება შეურაცხმყოფელია

გია ვოლსკი ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი „გაუმართლებელია“  და  “უკრაინაში მის მოღვაწეობას და უკრაინის ხელისუფლებისათვის გაწეულ დახმარებას“ უკავშირდება. იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ  ბრალდებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და „მიუთითებს ხელისუფლების მიერ ასოცირების შეთანხმების არასერიოზულად აღქმაზე“.

 

“უპირველეს ყოვლისა, განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება უკავშირდება მის აქტიურობას უკრაინაში, არათუ არ შეესაბამება სიმართლეს, შეურაცხმყოფელი და პოლიტიკურად გაუწონასწორებელიცაა. მთავარი პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტების ორ ინციდენტს, რომელმაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გამოიწვია (სსსკ მუხლი 333 პარა.3). კერძოდ, (1) ანტისამთავრობო დემონსტრაციის განსაკუთრებული სისასტიკით დაშლას 2007 წლის 7 ნოემბერს და (2) 2007 წლის ნოემბერში კერძო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიციის მიერ მოწყობილ რეიდს და მის უკანონო ექსპროპრიაციას სახელმწიფოს მიერ”.- აცხადებს ვოლსკი.

 

მისივე თქმით, ბრალდებების „გაუმართლებლად“ მიჩნევა ნიშნავს მოცემულ საქმეზე არსებითად მსჯელობას, რაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს.

 

“როგორც აღვნიშნეთ, წაყენებული  ბრალდებები მოიცავს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს და საქართველოს კანონმდებლობით მთავარ პროკურატურას უშუალოდ ევალება მათი გამოძიება. მთავარი პროკურორი ვალდებულია გამოვიდეს როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი სასამართლოში აღნიშნული საქმეების განხილვისას მათ წინააღმდეგ, ვინც მტკიცებულებების მიხედვით იქნა მიჩნეული იქნა ბრალდებულად. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, მუდმივად მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას საქმის დროული გამოძიებისაკენ (იხ. მაგ. Human Rights Watch, International Crisis Group, Transparency International Georgia, Amnesty International, ევროსაბჭოსა და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის 2007 წლის ანგარიშები). შეგახსენებთ იმასაც, რომ 2007 წლის 29 ნოემბერს ევროპულმა პარლამენტმა ევროპის სახალხო პარტიის მონაწილეობით მიიღო რეზოლუცია და „მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უხეშ დარღვევებზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ, კერძოდ კი, სამართალდამცავი პირების მიერ ძალის გადაჭარბებით გამოყენების ბრალდებების შესწავლა, რათა გამოვლენილი და გასამართლებული იყოს ყველა პასუხისმგებელი პირი და შეეფარდოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი“.- ამბობს ვოლსკი. 

 

დეპუტატის შეფასებით, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის ან ევროპის სახალხო პარტიის მიერ წაყენებული ბრალდებების „გაუმართლებლად“ და „პოლიტიკურად მოტივირებულად“ მიჩნევა სერიოზული ბრალდებაა საქართველოს წინააღმდეგ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას:

 

“აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით. როგორც კომისარმა ფულემ აღნიშნა, „ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობას წარსული დანაშაულების გამოძიების თაობაზე და იმედი აქვს, რომ აღნიშნული განხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროპული ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაში, ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება  მართლმსაჯულების განხორციელება ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ადგილი არ უნდა ქონდეს დაუსჯელობასაც“. შესაბამისად, თუკი ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანონის უზენაესობას საქართველოში, უნდა დაასაბუთონ კიდეც, რომ დარღვეულ იქნა სამართლიანი სასამართლოს პრინციპები მართლმსაჯულების განხორციელებისას. ამჟამად არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენებით სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას. არ გვინდა დავუშვათ, რომ ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი მოითხოვს კონკრეტული პირების კანონზე მაღლა დაყენებას”.

 

ვოლსკის თქმით, დაუშვებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობისადმი” სახალხო პარტიის პოლიტიკური სოლიდარობა კანონის უზენაესობის უგულებელყოფის მოთხოვნებში და საქართველოს საზოგადოებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი