ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე: სააკაშვილის გამო საერთაშორისო პარტნიორების წუხილი უსაფუძვლოა

6 აგვისტო, 2014 • • 1286
თედო ჯაფარიძე: სააკაშვილის გამო საერთაშორისო პარტნიორების წუხილი უსაფუძვლოა

ჯაფარიძის წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მეგობრების წუხილი უსაფუძვლოა. იგი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს,  კვლავ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა.

 

“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, წაყენებულ  ბრალდებებთან დაკავშირებით, რამდენიმე მოკლე განმარტება გაავრცელა. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე, განხილვის პროცესში არსებული საქმის შინაარსის კომენტირებისაგან თავს შევიკავებ. იმავე პრინციპის გამო, მსგავსი  კომენტარებისაგან ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმაც თავი უნდა შეიკავონ. რასაკვირველია, იმ გამონაკლისის გარდა, როცა საკმარისი მტკიცებულება აქვთ სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპების დარღვევის თაობაზე (რაც, სამწუხაროდ, ხშირი მოვლენა იყო წინა ხელისუფლების პირობებში), რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა კანონის უზენაესობას. ამ შემთხვევაში, ბრალდებები სათანადო მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული”, -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების, ქეთრინ ეშტონის და ევროკომისარ ფულეს გამოხმაურებასაც გაუსვა ხაზი საკუთარ განცხადებაში. თედო ჯაფაიძეს ფულეს და ეშტონის  გამოხმაურების ის ნაწილი აქვს ციტირებული, რომლის თანახმადაც  „კანონზე მაღლა არავინ დგას”  და “მართლმსაჯულება საქართველოში უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ, პროპორციულად, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, სასამართლო პროცედურების სრული დაცვით“.

 

“ეს ეხმაურება ევროკავშირის ტრადიციულ პოზიციას, რომლის თანახმადაც „ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს ახალი მთავრობის დაპირებას ქართველი ხალხის მიმართ, რომ სათანადოდ გამოიძიებს წარსულში ჩადენილ დანაშაულებს და სჯერა, რომ ეს პროცესი საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროპული ფასეულობების დაცვით ჩატარდება. პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია დაუსჯელობის არდაშვება“. სწორედ ამიტომ, მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კანონის უზენაესობას საქართველოში, უნდა დაასაბუთონ, რომ კონკრეტული პირები კანონზე მაღლა დგანან, ან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოში ირღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი”.- წერს ჯაფარიძე. 

 

მისივე შეფასებით, ორივე ბრალდება სერიოზულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბრალდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან ისმის. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ კი, ასევე, საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია.  იქვე იხსნებს იმ რეფორმებს, რომელსაც ბიძგი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მისწრაფებამ მისცა.  თედო ჯაფარიძე ასევე ხაზს უსვამს  აშშ-ის,  ნატოს და ევროკავშირის  მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებას:

 

“თუმცა დემოკრატიული კონსოლიდაცია მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით არ მიიღწევა. კონსოლიდაცია ითვალისწინებს სამართლიანი მართლმსაჯულებისადმი ნდობას, რაც გამოიხატება იმის რწმენაში, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. აღნიშნული მოითხოვს, რომ სრულად იქნეს გამოძიებული  ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტები და იმ შემთხვევაში, თუ წარსული, ახლანდელი თუ მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლები ბოროტად გამოიყენებენ მათზე დაკისრებულ  უფლებამოსილებას, კანონის სრული დაცვით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნენ მიცემული”.

 

ჯაფარიძე იმოწმებს რამდენიმე საერთაშორის ორგანიზაციის რეკომენდაციას, როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა თუ  Human Rights Watch-ის 2007 წლის დეკემბრის ანგარიში:

 

“კანონის უზენაესობის პრინციპის უდიდესი მნიშვნელობა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნით მოხსენებაშიც იქნა ხაზგასმული, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების კონკრეტული შემთხვევები, კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი დაშლის შემთხვევა. შეგვიძლია კიდევ მოვიყვანოთ საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად, Human Rights Watch-ის 2007 წლის დეკემბრის ანგარიში, რომელიც  დეტალურად აღწერს დღეისათვის გამოძიებაში არსებული საქმეების შინაარსს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობენ ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამერბერგის მხრიდან და მისი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან”.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეფასება „შურისძიებითი სამართალი“, რომელსაც ხშირად იყენებენ , მნიშვნელოვნად სცილდება აღნიშნულ შემთხვევებს.

 

„შურისძიება“ არის პროცესი, რომლის დროსაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიღებული ნორმები წარსულში ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში გამოიყენება. საერთაშორისო სამართლის გავლენით ეს დილემა ხშირად ჩნდება რეჟიმის ცვლილებების დროს. ჩვენს შემთხვევაში, გენერალური პროკურორი იძიებს საქმეებს, რომლებიც  საყოველთაო დაუსჯელობის გამო იყო იგნორირებული. ამ საქმეების გამოიძიებით დღეს საზოგადოებაში კანონის უზენაესობისადმი შელახული ნდობის აღდგენა ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ 2012 წელს, როდესაც არჩევნების გზით ხელისუფლება პირველად შეიცვალა საქართველოში, ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ სისტემური და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები იყო, რომლებიც სათანადო ჩვენებებითა და ვიდეომასალით იყო გამყარებული. ამ  მტკიცებულებების სანდოობა არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ამგვარ ბრალდებებზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ მათი იგნორირება შეუძლებელია”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი