ნიდერლანდების სასამართლომ დააკმაყოფილა 22 ადამიანის მოთხოვნა, შემოწმდეს გარდაცვლილი ექიმის დნმ იმის დასადგენად, არის თუ არა ის ყველა მათგანის მშობელი. ექიმ ჟან კარბაატს ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის დონორების ნაცვლად საკუთარი სპერმის გამოყენებას ედავებოდნენ. The Guardian-ისა და სხვა გამოცემებით ცნობით, ამ გზით ის, შესაძლოა, 200 ადამიანის მამა იყოს.
ექიმს, რომელიც 2017 წლის აპრილში გარდაიცვალა, ინ ვიტრო განაყოფიერებასთან შეხება ათწლეულების მანძილზე ჰქონდა ჯერ სხვადასხვა საავადმყოფოებში, შემდეგ კი, საკუთარ კლინიკაში. ის ყოველთვის უარყოფდა ზემოთ მოცემულ ბრალდებას.
ექიმის მიერ განაყოფიერებისთვის თავისივე სპერმის გამოყენებას მისი ადვოკატიც გამორიცხავდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ დნმ-ის ტესტის ჩატარება შესაძლებელია, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით საფუძვლიანი მტკიცებულება არსებობს.
განხილვების დაწყებიდან დღემდე, მნიშვნელოვანი მსგავსებები გამოიკვეთა ექიმის კანონიერ შვილსა და იმ 47 ადამიანს შორის, რომლებიც მისი კლინიკის დახმარებით დაიბადნენ. ვარაუდობენ, რომ ჯამში, ექიმი 200 ადამიანის მამაა.
ექიმის დნმ-ის შემოწმების მოთხოვნით კარბაატის კლინიკური ცენტრის დახმარებით დაბადებულმა 22-მა ადამიანმა და მათმა მშობლებმა სასამართლოს 2017 წელს მიმართეს. საქმის განხილვის დაწყებამდე ექიმი 1 თვით ადრე გარდაიცვალა. The Guardian-ის ცნობით, ახლა კარბაატის დნმ-ს მისი პირადი ნივთებიდან, მათ შორის, კბილის ჯაგრისიდან აიღებენ.
მოსარჩელეთაგან ერთ-ერთი, მერლ-ლოა ჰეი აღნიშნავს, რომ “ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცოდეს, საიდან მოდის ის”.
ჟან კარბაატის კერძო კლინიკა როტერდამში 2009 წელს დაიხურა. მაშინ ექიმს ადმინისტრაციულ დარღვევებს ედავებოდნენ.