“არანაირი დაპირისპირება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არ არსებობს. აქვე გავიმეორებ, რომ პრეზიდენტმა გარკვეული ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა უსაფრთხოების საბჭოში, თუმცა ვათვითცნობიერებთ იმასაც, რომ ეს არის პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანო. ვათვითცნობიერებთ და ვიაზრებთ იმასაც, რომ გარკვეულ უხერხულობას შექმნის კიდევაც პრემიერის სათათბირო ორგანოში პრეზიდენტის, როგორც წევრის მონაწილეობა. თუმცა ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გარკვეული ფორმით მიიღოს მონაწილეობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი გაბუნიამ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოში პარლამენტი ან პრეზიდენტის მონაწილეობით, შეიძლება, სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპი დაირღვეს.
“ჩვენ ვთანხმდებით პრინციპებზე, რომ კონსტიტუციის ფარგლებში ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს აქვს თავისი კომპეტენცია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და მისი სწორად და დროულად ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ საჭიროა, გავაგრძელოთ მსჯელობა იმაზე, რომ პრეზიდენტი თავისი კომპეტენციის უზრუნველსაყოფად იყოს დროულად და ეფექტურად ინფორმირებული. დანარჩენი, ფორმებზე შეგვიძლია სამომავლოდ ვიმსჯელოთ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში გასული წლის დეკემბერიდან წარდგენილია საკანონმდებლო პაკეტი “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე პრემიერ-მინისტრის ინფორმირებისა და მის მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადების, სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. საბჭო გათალისწინებულია როგორც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ამ კანონით განსაზღვრული საკითხები უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად.
- პრემიერ-მინისტრი,
- თავდაცვის მინისტრი,
- შინაგან საქმეთა მინისტრი,
- საგარეო საქმეთა მინისტრი,
- ფინანსთა მინისტრი,
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,
- დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მიიწვიონ პირები, რომლებიც არ არიან საბჭოს მუდმივი წევრები.