ახალი ამბები

კაფე “მზიურის” გაქურდვაში ბრალდებულებს “აიტექნიკის” გაქურდვაც ედებათ ბრალად – შსს

13 თებერვალი, 2019 •
კაფე “მზიურის” გაქურდვაში ბრალდებულებს “აიტექნიკის” გაქურდვაც ედებათ ბრალად – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაფე მზიურის გაქურდვაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს ბრალად  ედებათ “აიტექნიკის” გაქურდვაც. შსს-ში აცხადებენ, რომ  სოციალურ კაფე „ახალი მზიურის“ გაქურდვის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “მზიურიდან” მათ ლეპტოპი,  მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარის მოიპარეს,  შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

“დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, ასევე, გაქურდეს მაღაზია “აიტექნიკი”,  საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს,”-აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2  ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-4  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 13 თებერვალს თბილისში, მზიურის პარკში, კაფე “მზიური” გაქურდეს. “კაფეს კარი არის გატეხილი. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც დაცვის თანამშრომლები კაფეს გვერდით, ოდნავ მოშორებით იმყოფებოდნენ,”-უთხრა ნეტგაზეთს კაფეს დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი