ახალი ამბებიეკონომიკა

“რაინიარი” 1 მგზავრზე 75-ევროიან სუბსიდირებას ითხოვდა – მინისტრის მოადგილე

13 თებერვალი, 2019 •
“რაინიარი” 1 მგზავრზე 75-ევროიან სუბსიდირებას ითხოვდა – მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი აცხადებს, რომ “რაინიარი” 2013 წელს თითო მგზავრზე 75-ევროიან სუბსიდირებას ითხოვდა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ირლანდიური ავიაკომპანიას კონტრაქტი არ გაუფორმა.

რატომ არ მოეწერა კონტრაქტს ხელი “რაინიართან” 2013 წელს?

დღევანდელ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ირლანდიულ ავიკომპანიასთან ჩაშლილ მოლაპარაკებებზე იკამათეს.

გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მოწმე თავად არის და ნანახი აქვს გეგმა, რომლის თანახმადაც, “რაინიართან” კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში დღეს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი ორივე მიმართულებით 400 ათასის ნაცვლად 2 მილიონი იქნებოდა.

აკაკი საღინაშვილის განცხადებით, ირლანდიულ ავიაკომპანიასთან ხელსაყრელი არ იყო კონტრაქტის გაფორმება, რადგან თითო მგზავრზე 75-ევროიან სუბიდირებას ითხოვდნენ:

ვფიქრობთ, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება [კონტრაქტის გაფორმება]. შესაბამისად, ჩვენ ვანახლებთ მოლაპარაკებებს… …იმ მომენტში, პირდაპირ გეტყვით, რომ ძლიერის პოზიციიდან ვერ ველაპარაკეოდით Ryanair-ს.”

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საპარალმენტო უმცირესობის წევრს განუცხადა, რომ ერთი ბაზა 2 მილიონამდე ვერანაირად აიყვანდა, რადგან, მისი თქმით, აეროპორტზე ერთი ბაზირებული თვითმფრინავი 90 000 მგზავრზე მეტს წელიწადში ვერ გადაიყვანს ორივე მიმართლებით.

საღინაშვილი ირწმუნება, რომ ქუთაისის აეროპორტს რეკორდული, 43%-იანი ზრდა 2018 წელს ჰქონდა: “ამაზე მეტი შედეგი, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს.”

რატომ არ გაკეთდა და როდის შეიძლება გაკეთდეს ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგური?

მეორე საკითხი, რაზეც გიორგი კანდელაკმა ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელებს ჰკითხა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული პროექტია ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგურის აშენებასთან დაკავშირებით.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობდა, რომ 2018 წლის იანვარში უკვე უნდა აშენებულიყო ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალი სადგური, თუმცა, კანდელაკის ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის აღნიშნულ პროექტზე ხარჯი გაწეული და არც სამუშაოები დაწყებულა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგურის აშენებაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს და ცოტა ხნის წინაც ჰქონდათ შეხვედრა. მისი თქმით, ძველი დასკვნა აღარ არის რელევანტური და განახლება სჭირდება, რადგან ქუთაისის აეროპორტს 27 ახალი რეისი დაემატა.

აკაკი საღინაშვილმა ქუთაისის აეროპორთან სადგურის მოწყობის 3 შესაძლო სცენარზე ისაუბრა:

  1. აეროპორთან 2 კილომეტრში არსებული კოპიტნარის სადგურის გარემონტება და შატლებით სიარული.
  2. ტერმინალიდან 700 მეტრში, სადაც გადის ახლა რკინიგზა, ბაქანის მოწყობა, რომელიც საფეხმავლო ან სხვა გზით მივა ქუთაისის აეროპორტში.
  3. საკუთრივ აეროპორტთან ტერმინალის მოწყობა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს ყველაფერი ახლა შესწავლის პროცესშია და იმედოვნებს, რომ ერთ თვეში ახალი დასკვნა მზად იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი