ახალი ამბები

წულუკიანი: სააკაშვილი არის ერთი რიგითი ბრალდებული

4 აგვისტო, 2014 • • 1014
წულუკიანი: სააკაშვილი არის ერთი რიგითი ბრალდებული

“როდესაც ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, როდესაც მასთან მიმართებაში მიღებულია სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს აქვს გარკვეული ვალდებულება, რომ წარდგეს საგამოძიებო ორგანოს წინაშე, წარდგეს სასამართლოს წინაშე. აქ შეიძლება იქნეს გამოყენებული ყველა ის კანონით დართული მექანიზმი, მათ შორის საერთაშორისო, რაც ამ ადამიანს მიიყვანს გამომძიებლამდე, რაც ამ ადამიანს მიიყვანს სასამართლომდე, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის ერთი რიგითი ბრალდებული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა თბილისში დღეს გამართული ამბასადორიალის დასრულების შემდეგ. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამყოფილა და წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. 

 

პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”

 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეოჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს.

მასალების გადაბეჭდვის წესი