ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება ქვეყნის სვლას ევროპისკენ არ შეაფერხებს

4 აგვისტო, 2014 • • 929
ღარიბაშვილი: სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება ქვეყნის სვლას ევროპისკენ არ შეაფერხებს

“აბსოლუტურად არ იმოქმედებს. ჩვენ ქვეყანაში დავიწყეთ რეალური დემოკრატიის მშენებლობა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ, ერთი მხრივ, ვაცხადებთ, რომ გვსურს თანამედროვე დემოკრატიული ინტიტუტების მშენებლობა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამ შემთხვევაში არავინ არ უნდა იყოს კანონზე მაღლა. ეს არის სწორედ ჩვენი მთავარი ამოცანა. დაუსჯელობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართული ამბასადორიალის დასრულების შემდეგ. 

 

პრემიერის თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოწოდება საქართველოსადმი სწორედ ისაა, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს დაუსჯელობა და კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს. 

 

რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს, ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევნია გამოძიების დასრულებას დაელოდოს:

 

“საჭიროა, ჩვენ ყველანი დაველოდოთ გამოძიებას და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაული. ჩვენ, ჩვენი მხრივ, უზრუნველვყოფთ გამჭვირვალეობას”. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამყოფილა და წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. 

 

პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”

 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეოჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს.

 

სააკაშვილთან ერთად ბრალი წარედგინა ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიორგი უგულავას.

 

მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოიტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი