ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ვიზა ლიბერალიზაციის მეორე ფაზის მოთხოვნების შესრულება დავიწყეთ

4 აგვისტო, 2014 • • 857
ფანჯიკიძე: ვიზა ლიბერალიზაციის მეორე ფაზის მოთხოვნების შესრულება დავიწყეთ

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ვიზა ლიბერალიზაციის  პირველი ფაზის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა  და ახლა ქვეყანა მეორე, საიმპლემენტაციო ფაზის მოთხოვნების შესრულებაზეა გადასული. 

 

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს დიპლომატიურმა მისიამ საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია. კიდევ 5 სახელმწიფოში გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური მისია და 182 სახელმწიფომდე გაიზარდა იმ ქვეყანათა რაოდენობა, სადაც საქართველოს დიპლომატიური მისიები მუშაობს.

 

“გადავდგით ნაბიჯები რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის დეესკალაციისთვის, საქართველო წარმატებულად თანამშრომლობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან,  ავამაღლეთ ჩვენი ჩართულობა გლობალური უსაფრთხოების პროექტებში, ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიებში. ნატო-საქართველოს კომისიის 17 შეხვედრა გაიმართა. პირველად, ნატოს სამხედრო კომიტეტი  და საქართველოს  დელეგაციები მართავდნენ ინსტენსიურ შეხვედრებს ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაებში”. 

 

მინისტრის თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ერთი პრემიერი სტუმრობდა. ასევე, ამ ერთი წლის განმავლობაში  21 ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპულ საკითხთა მინისტრები, ევროპარლამენტის 9 და აშშ-ის კონგრესის 6 წევრი ეწვია საქართველოს. 

 

მაია ფანჯიკიძის თქმით,  მიმდინარე ამბასადორიალს დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობისთვის და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებისთვის:

 

“ამიტომ ინტერესით ველოდებით ამ 4 დღეს და ჩვენ გვექნება საშუალება ყველა უწყებასთან ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკისთვის. შარშანდელმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ  ჯობია აგვისტო გამოვიყენოთ ამბასადორიალზე მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების უფრო გასაანალიზებლად. იმისათვის, რათა სექტემბერში მზად ვიყოთ ახალი ენერგიით შევუდგეთ საქმიანობას ჩვენი დანიშნულების ადგილებზე”,- განაცხადა ფანჯიკიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი