რუსეთში, ნოვაია ზელიას არქიპელაგზე, ადამიანთა დასახლებასთან ახლოს პოლარული დათვები გამოჩნდნენ. ორი თვის განმავლობაში ცხოველთა რაოდენობამ იმატა. არქიპელაგზე არსებული დასახლების, ბელუშია გუბას სიახლოვეს 52 დათვი შეამჩნიეს.
Meduza ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი დათვი აგრესიულობით გამოირჩეოდა, ზოგი კი საცხოვრებელ სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობებში შეიჭრა კიდეც. თუმცა დათვები ძირითადად ნაგავსაყრელებსა და სანაგვეებზე იყრიან თავს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასახლებულ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაცია გამოცხადა, მოსახლეობას კი დათვების მოკვლა აუკრძალა.
რუსული RIA WWF-ის ადგილობრივ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დათვების დასახლებულ პუნქტებთან გადაადგილება კლიმატის ცვლილებასა და შესაბამისად, ყინულის ფართობის შემცირებას უკავშირდება. გარდა ამისა, გამოცემა წერს, არქიპელაგზე მცხოვრები მოსახლეობა ნაგვის გადამუშავებას, ფაქტობრივად, არ ეწევა.