დღეს, 12 თებერვალს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, მისი წინასწარ პატიმრობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კახეთში 17 დეკემბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე 14 იანვარს გამართლდა, თუმცა მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის სხვა საქმეზეც მიმდინარეობს, კერძოდ: გამოძიება ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს 2018 წლის 16 დეკემბერს ველისციხეში პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სწორედ ამ საქმეზე შეუფარდეს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.