“დღემდე არანაირი ოფიციალური კორესპონდენცია არ მიგვიღია, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი შეწყდება. ეს არ ნიშნავს ემბარგოს. ამას შეიძლება მოჰყვეს საბაჟო ტარიფების გაზრდა ალბათ, 20%-ის ფარგლებში, მაგრამ დრამატული გავლენა ქართული ეკონომიკისთვის ამას არ ექნება. კვლავინდებურად გაგრძელდება ქართული პროდუქციის ექსპორტი,”- ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი დღეს, 31 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირება.
“ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციული პროცესები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც არანაირად არ უქმნის საფრთხეს საქართველოს ურთიერთობების მესამე ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან.”
რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა სამთავრობო კანონპროექტი რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმების შეჩერების თაობაზე.
როგორც პროექტის დადგენილებაშია ნათქვამი, საქართველოსთან 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერება რუსეთის შესაბამის უწყებებთან არის შეთანხმებული – საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებთან.
