ახალი ამბები

წყალი „სნო“ „კაზანტიპის“ ფესტივალში არ მონაწილეობს

30 ივლისი, 2014 • • 4224
წყალი „სნო“ „კაზანტიპის“ ფესტივალში  არ მონაწილეობს

“კომპანია „აქვა  გეო“ სასმელი წყლის მიწოდებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს.  „კაზანტიპის“ ფესტივალის ორგანიზატორებმა თანამშრომლობისთვის კომპანიის მენეჯმენტს მიმართეს. მათ წინადადებაზე უარი ეთქვათ.

 

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომპანია „აქვა გეო“ ფესტივალის ორგანიზატორებთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და შესაბამისად, აღნიშნულ ღონისძიებაში არ მონაწილეობს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს კომპანია „აქვა გეო“ ფესტივალის ექსკლუზიური მხარდამჭერია, სიმართლეს არ შეესაბამება. მივმართავთ ყველას – ხელი არ შეუწყონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, რაც კომპანიის ავტორიტეტის შელახვას ისახავს მიზნად,”- წერია განცხადებაში.

 

როგორც “ნეტგაზეთს” “კაზანტიპის” პრესსამსახურში განუცხადეს, ექსკლუზიურად სასმელ წყალს ფესტივალზე არცერთი კომპანია არ შეიტანს:

 

“ჩვენ შეთავაზება გავუგზვნეთ ყველა კომპანიას საქართვლეოში, ვინც სასმელ წყალს აწარმოებს. მათ შორის კომპანია “აქვა გეოს” რომელიც წყალს “სნოს” ბრენდის ქვეშ აწარმოებს. ჯერ არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არცერთი კომპანისგან არ  მიგვიღია. ამდენად გადაწყვეტილი არ არის, რომელი კომპანიები შემოიტანენ ამ პროდუქტს “კაზანტიპის” ფესტივალზე” – განუცხადა “ნეტგაზეთს” “კაზანტიპის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო სტურუამ.  

 
ადგილობრივ ბაზარზე სასმელს წყალის მსხვილი მწარმოებლები არიან კომპანია “ბორჯომი”, “წყალი მარგებელი,” “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია.”

 

კომპანია “აქვა გეო” “სნოს” ბრენდის ქვეშ სასმელ წყალს 2009 წლიდან აწარმოებს. საჯარო რეესტრის მონცემებით, კომპანიის 80% –ს ვახტანგ ლიპარტიანი, ხოლო 20%–ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარო ფლობს. კომპანიის დირექტორია დავით გიგაია. 

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ საქართველოში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება საქართველოს მოქალაქეებს ზიანს მოუტანს. 

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით “რეალობის ანტირეალობა”, რომელსაც “კაზანტიპის ფესტივალი ს” სახელით იცნობენ, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი