ახალი ამბები

საფრანგეთი იტალიიდან ელჩს იწვევს

7 თებერვალი, 2019 •
საფრანგეთი იტალიიდან ელჩს იწვევს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა იტალიიდან თავის ელჩის იწვევს. ელჩის გამოწვევის მიზეზად საგარეო საქმეთა სამინისტრო საშინაო საქმეებში იტალიის “ჩარევას” ასახელებს. Reuters-ის ინფორმაციით,  ბოლო თვეების განმავლობაში იტალიელი პოლიტიკოსები უსაფუძვლოდ თავს ესხმოდნენ საფრანგეთს.

“ეს მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მოვლენაა. გარკვეულ საკითხში უთანხმოება ერთი საკითხია, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის, სრულიად სხვა,”-წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

New York Times-ის ცნობით, 5 თებერვალს საფრანგეთში იტალიის ვიცეპრემიერი ლუიჯი დი მაიო ე.წ ყვითელჟილეტიანების ლიდერებს შეხვდა. იტალიის მაღალჩინოსნები მანამდე ღიად უჭერდნენ მხარს საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თუმცა მსგავსი მაღალი დონის შეხვედრა 5 თებერვლამდე არ გამართულა. NYT წერს, რომ საპროტესტო აქციის ლიდერებთან შეხვედრით ორ მოკავშირე ქვეყანას შორის პროტოკოლის დარღვევა მოხდა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ორივე ქვეყანა ცდილობს ერთმანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩაერიონ.

ამას გარდა, გასულ თვეს მაიომ განაცხადა, რომ საფრანგეთს აფრიკაში მისი ყოფილი კოლონიების “კოლონიზაციის პროცესი არასდროს შეუწყვეტია”. ამის გამო იტალიის ვიცეპრემიერმა ევროკავშირს საფრანგეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა იმ პოლიტიკის გატარებისთვის, რომლის მიზანიც აფრიკის ქვეყნების გაღატაკების პროცესის ხელშეწყობა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი