ახალი ამბები

რატომ დახურა თემურ უგულავამ კაზინო „აჭარაბეთი“ ბათუმში

7 თებერვალი, 2019 •
რატომ დახურა თემურ უგულავამ კაზინო „აჭარაბეთი“ ბათუმში

ბათუმში 2019 წელს ორი კაზინო დაიხურა – „ინტურისტი“ და „აჭარაბეთი“. კაზინოების დახურვით 400-მდე ადამიანი დარჩა უმუშევარი. „ინტურისტის“ შემთხვევაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კაზინოს მოწყობის ლიცენზიას ვადა გაუვიდა, „აჭარაბეთის“ შემთხვევაში კი კაზინოს დახურვის კონკრეტული მიზეზი უცნობია, შესაბამის ლიცენზიას კი ამ შემთხვევაში ჯერ ვადა აქვს.

რატომ დაიხურა ბათუმში კაზინო „აჭარაბეთი“

ბათუმში კაზინო „აჭარაბეთის“ მოწყობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „ს გემბლინგ ჰოლია“. ლიცენზიას ვადა 2021 წლის 16 ივნისს ეწურება, თუმცა კაზინო მიმდინარე წლის იანვრიდან აღარ მუშაობს. „ს გემბლინგ ჰოლის“ 50-50%-ს წილებს ბიზნესმენები თეიმურაზ [თემურ] უგულავა და თენგიზ ფერაძე ფლობენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „აჭარაბეთის“ თანამშრომლები 2018 წლის 22 დეკემბერს გააფრთხილეს, რომ კაზინო იხურებოდა და მუშაობა 29 დეკემბრამდე გააგრძელეს. კაზინოში, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 180-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ზოგიერთი ყოფილი თანამშრომლის თქმით, ბათუმში კაზინოს დახურვის მიზეზად შენობა დაუსახელეს, რომელსაც არ აქვს სატუმრო: „ითქვა, რომ, სავარაუდოდ, კაზინო ახალ შენობაში გაიხსნებოდა, თუმცა დეტალების შესახებ ინფორმაცია არც აქაურ მენეჯმენტს ჰქონდა“.

კონკრეტულად რატომ დაიხურა სამორინე „აჭარაბეთი“ და სად აპირებს კომპანია ბათუმში სამორინეს გახსნას? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „აჭარაბეთში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთვის ელექტრონულ ფოსტაზე მიგვემართა. კომპანიას კითხვები გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

ვინაიდან „ს გემბლინგ ჰოლს“ შესაბამისი ლიცენზია აქვს, შეუძლია კაზინო „აჭარაბეთი“ ისევ იმ შენობაში აამუშაოს, სადაც ეს კაზინო ფუნქციონირებდა – ეს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის მოსაკრებელს გადაიხდის. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ – სამორინეს მოწყობის ლიცენზიანტებს უფლება აქვთ შესაბამისი [მაგიდების] მოსაკრებელი ყოველკვარტალურად [წინასწარ, კვარტლის დასაწყისში] გადაიხადონ და გააგრძელონ მუშაობა.

თუმცა, ამ შემთხვევაში ლიცენზიანტი კომპანიის „ს გემბლინგ ჰოლის“ერთ-ერთ მეწილეს, თემურ უგულავას, ბათუმში კაზინოს ამოქმედების ვალდებულება, ოღონდ ახალ შენობაში, ისედაც აქვს.

საქმე იმაშია, რომ შპს „ქროსვეისს“, რომელიც თემურ უგულავას ეკუთვნის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს ადრე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ის ვალდებულია ბათუმში, გოგებაშვილის ქ#10-ში [აჭარის ყოფილი შსს-ს შენობის ტერიტორია] უზრუნველყოს არანაკლებ 150 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსისა და კაზინოს ექსპლუატაციაში შეყვანა. ახალ კომპლექსში ახალი კაზინოს დასახელება ისევ „აჭარაბეთი“ იქნება თუ სხვა სახელი დაერქმევა, ეს უკვე თემურ უგულავას გადასაწყვეტი იქნება.

თემურ უგულავას კომპანიას აღნიშნული ვალდებულებები ადრე უნდა შეესრულებინა, თუმცა ვერ შეასრულა და მშენებლობა ამ ტერიტორიაზე დღემდე მიმდინარეობს. ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად კი კომპანიას, როგორც „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, 2021 წლის 31 იანვარი განუსაზღვრეს.

შპს „ქროსვეისი“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მარტო 2013 წელს 442 500 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წელს 32 500 აშშ დოლარით დააჯარიმეს. საბოლოოდ კი, სულ ჯარიმის სახით კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 415 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხისგან ინვესტორი აჭარის მთავრობამ მაშინ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გაათავისუფლა.

ამ თემაზე: გაყინული საინვესტიციო პროექტები

ცალკე მდგომი ორსართულიანი შენობა ბათუმში, რომელიც დრამატულ თეატრთან ახმეტელის ქ. N7ა-ში მდებარეობს და სადაც კაზინო „აჭარაბეთი“ ფუნქციონირებდა, შპს „ს ბათუმის“ საკუთრებაშია. ეს კომპანია 2016 წლის სექტემბერში დაარეგისტრირა შპს „ს გემბლინგ ჰოლმა“, რეგისტრაციიდან სამ დღეში კი „ს ბათუმის“ 100% წილი „ს გემბლინგ ჰოლმა“ 1,4 მილიონ ლარად მიყიდა ბესიკ ოქროპირიძეს. ბესიკ ოქროპირიძე დღეს „ს ბათუმის“ ერთადერთი პარტნიორი და კომპანიის დირექტორია. ამ შენობაში დღეს მხოლოდ „აჭარაბეთის“ სალარო მუშაობს.

„აჭარაბეთის“ გაყიდული წილები

2019 წლის იანვარში „აჭარაბეთის“ 51%-იანი წილი 116 მილიონ ევროდ ონლაინ თამაშების კომპანიამ Paddy Power Betfair (PPB) შეიძინა. აჭარაბეთში აცხადებენ, რომ „PPB ჯგუფი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის წლიური შემოსავალი 1.8 მილიარდ ფუნტს შეადგენს. კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდი ფუნტია“.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგანაც ქვეყანაში შემოვიდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მყოფი 6 მილიარდი ბრიტანული ფუნტის კაპიტალიზაციის კომპანია, რომელიც სათამაშო ბიზნესის ბაზრის ლიდერია თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ოპერირებს: ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ გაგვაჩნია მაღალი ცნობადობა რეგიონში, ვოპერირებთ საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე და გვყავს ძლიერი მენეჯმენტის გუნდი. ვფიქრობ, რომ ორივე კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ძალიან საინტერესო მომავლის დასაწყისი“, – „აჭარაბეთის“ გენერალური დირექტორის, არჩილ კახიძის სახელით ეს განცხადება „აჭარაბეთის“ ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა.

adjarabet.com-ზე აღნიშნულია, რომ „აჭარაბეთის“ საქმიანობა სრულად რეგულირდება შპს „ავიატორისა“ და შპს „კოსმოსის“ შესაბამისი ნებართვების ფარგლებში.

„ავიატორის“ [დირექტორია აჩილ კახიძე] 100% წილს ფლობს შპს „ატლასი“, ამ კომპანიის 49%-ს კი დღეს ფლობს „სითი ლოფთი“, რომლის ერთადერთი მესაკუთრეც თემურ უგულავაა, ხოლო 51%-ს – „ატლას ჰოლდინგსი“, რომელიც 2019 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა თბილისში ბრიტანულმა კომპანია TSE Holdings Limited-მა.

სწორედ „სითი ლოფთსა“ და TSE Holdings Limited-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 2019 წლის 31 იანვარს, რითაც „ატლას ჰოლდინგსმა“ „ატლასის“ 51% წილი 116 472 099 ევროდ შეიძინა.

თემურ უგულავა, „აჭარაბეთი“ და ტელეარხი „პირველი“

ბათუმში კაზინოს [„აჭარაბეთის“] მოწყობის ლიცენზიანტი კომპანია „ს გემბლინგ ჰოლის“ 50% დოკუმენტების მიხედვით, თემურ უგულავამ თენგიზ ფერაძისგან 3 მილიონ აშშ დოლარად 2018 წლის თებერვალში შეიძინა.

„ნეტგაზეთი“ წერდა, რომ თემურ უგულავამ $3 მილიონი წილის შესაძენად იმ დროს გადაიხადა, როცა ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა მას ბრალდებები დახურულ შეხვედრებზე წაუყენა. ვახტანგ წერეთელმა არასამთავრობოებთან დახურულ შეხვედრაზე  თქვა, რომ „აჭარაბეთში“ არაოფიციალურად ფლობდა წილს. იმ პირს კი, ვისზეც წერეთლის წილი იყო გადაფორმებული, შეეცვალა გეგმები, რის გამოც დაკარგა ის შემოსავალი, რომლითაც აფინანსებდა ტელეკომპანია პირველს.

„ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით, სწორედ თენგიზ ფერაძეა ვახტანგ წერეთლის მიერ მინდობილი ის პირი, რომელიც „აჭარაბეთში“ ფლობდა წერეთლის წილს და რომლის გეგმებისა და დამოკიდებულების ცვლილებაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე არასამთავრობოებთან“ წერდა „ნეტგაზეთი“.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე: $4 მილიონი და ტელეკომპანია პირველის „მოგვარებული პრობლემა“

რამდენი კაზინოა აჭარაში

ოფიციალური მონაცემებით დღეს აჭარაში 9 მოქმედი კაზინოა – რვა ბათუმში და ერთიც სარფში.

ბათუმში დღეს მოქმედი კაზინოებია: „მშვიდობა“, [სასტუმრო „შერატონი“], „ივერია“, [„რედისონი“], „გოლდენ პალასი“, [„გოლდენ პალასი“], „მედეა“, [PASHA medea], „ინტერნეშენალი“, [„ჰილტონი“], „ოქროს ლომი“, [„ველმონდი“], „პრინცეს ბათუმი“ – [Wyndham] და  „ეკლიფსი“ – [„ეუფორია“].

ბათუმში კიდევ ერთ კომპანიას, „ალიანსი +“-ს აქვს კაზინოს ლიცენზია 2021 წლის ივლისამდე [სასტუმრო „გალოგრე“], ხოლო ხელვაჩაურის სოფელ სარფში მოქმედებს კაზინო „ატლანტიკ სიტი“.

შემოსავლები ბიუჯეტში კაზინოებისგან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, კაზინოების მიერ აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული საშემოსავლო გადასახადი ჯამურად 9,7 მილიონი ლარია, ხოლო ბათუმის მუნიციპალურ ბიუჯეტში კაზინოების მიერ გადახდილი მოსაკრებლების ჯამი 27 მილიონი ლარი იყო.

ბათუმის ბიუჯეტში კაზინოებისგან მიღებული შემოსავლების ნაწილში სამინისტროსა და ბათუმის მერიის მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება. მერიისგან მიღებული ინფორმაციით 2018 წელს სამორინეს მაგიდიდან მოსაკრებელი – 13 566 996 ლარი იყო, მთლიანად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა კი ჯამში 36 174 483 ლარი შეადგინა.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით კი, გასულ 2018 წელს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან სულ 1 მილიონ 100 ათასი ლარი შევიდა. თუმცა, აქედან რამდენი იყო კონკრეტულად მოსაკრებელი სამორინეს მაგიდებიდან, მუნიციპალიტეტში არ დაგვიკონკრეტეს.

ამ თემაზე: კაზინოების წილი ბიუჯეტში

სამინისტროს და ბათუმის მერიას ასევე განსხვავებული მონაცემები აქვთ კაზინოების რაოდენობასთან დაკავშირებით. 2018 წელს, სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 10 კაზინო იხდიდა გადასახადს, ბათუმის მერიის მონაცემებით კი -11.

 ვიზიტორები ბათუმის კაზინოებში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს, აჭარაში მოქმედი კაზინოების ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 1,1 მილიონი. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს „აჭარაბეთის“ და „ლიბერთის“[ინტურისტის]  მონაცემებს.

ვიზიტორთა 81% კი უცხოელები იყვნენ.

ამ თემაზე: 1 მილიონზე მეტი ვიზიტორი ბათუმის კაზინოებში და 39 მილიონი ლარი ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

სად გაიხსნება ახალი კაზინოები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმსა და ქობულეთში დამატებით 5 კაზინო უნდა გაიხსნას [ასეთი ვალდებულება ინვესტორებს უკვე აქვთ]. ამ ინვესტორებისგან ერთი ჰოლდინგი „მეტროა“ [„მეტრო ატლას ჯორჯია“], რომელმაც „ინტურისტში“ კაზინო დახურა, ხოლო მეორე – ბიზნესმენი თეიმურაზ უგულავა [„ქროსვეისის“ მესაკუთრე], რომელმაც კაზინო „აჭარაბეთი“ დახურა:

[checklist]

  • „მეტრო ატლას ჯორჯიამ“, ბათუმში, ახალ ბულვართან, 200-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო 2020 წლის 12 მარტამდე უნდა აამოქმედოს. „მეტროს“ საკუთრებაშია სასტუმრო ინტურისტიც, სადაც კაზინო დაიხურა. გაიხსნება თუ არა ინტურისტში კაზინო ამ დრომდე უცნობია;
  • კომპანია „ქროსვეისის“ ვალდებულებაა ბათუმში, გოგებაშვილის ქ#10-ში [აჭარის ყოფილი შსს-ს შენობა] უზრუნველყოს არანაკლებ 150 ნომერზე სასტუმრო კომპლექსის და კაზინოს ექსპლუატაციაში შეყვანა 2021 წლის 31 იანვრამდე;
  • ახალ ბულვართან „ეიერ-მერიდიანსიმ“ არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს 600 აპარტამენტის მშენებლობა, არანაკლებ 220-ნომრიანი სასტუმროსა და სამორინეს ამოქმედება; „ეიარ მერიდიანსი“ ბათუმში რუსულ ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია ბათუმში 2015 წელს რუსეთის მოქალაქემ რეფიყ კაიტამბამ დააფუძნა და კომპანიასაც თავად ხელმძღვანელობს.
  • „ჯეო დეველოპმენტიმ“ ბათუმში, ფიროსმანისა და ჟიული შარტავს ქუჩების კვეთაში, 2021 წლის 12 დეკემბრამდე, აჭარის ფინანსთა და სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა მოეწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: ღამის კლუბი, კაზინო, ბილიარდ კლუბი, სპორტული კაფე;
  • ქალაქ ქობულეთში კი, აღმაშენებლის გამზირზე, 2021 წლის 15 აგვისტომდე, კომპანია შპს „კრისტალ ბილდინგიმ“ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმრო და საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედი სამორინე.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი