ახალი ამბები

1 სექტემბრიდან მედიკამენტების ნაწილის ურეცეპტოდ გაყიდვა აიკრძალება

30 ივლისი, 2014 • • 1154
1 სექტემბრიდან მედიკამენტების ნაწილის ურეცეპტოდ გაყიდვა აიკრძალება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენა ორი ძირითადი მიზეზით არის გამოწვეული – “ეს არის წამლების იმ ჯგუფის არადანიშნულებისამებრ მიღება, ანუ ირიბად, სააფთიაქო ნარკომანია და მეორე, მედიკამენტების ის ჯგუფი, რომლის მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით გამოყენება და არა ექიმის კონკრეტული რეკომენდაციით, ინდივიდუალურად შერჩეული დოზირებით და სქემით მიღება, ასევე იწვევს  ჯანმრთელობის და რიგ შემთხვევში სიცოცხლისთვის საფრთხეს”.

 

“მოსახლეობას იმის შეგრძნება ჰქონდა, რომ ყოველი მედიკამენტის ყიდვისთვის თუ ექიმთან გახდებოდა მისასვლელი, ეს მისთვის დამატებითი ბარიერი იქნებოდა. ამისთვის იქნა შემოღებული ხანგრძლივი, მრავალჯერადი მოქმედების რეცეპტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს, ხოლო წელიწადში ერთხელ პაციენტი, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს, ისედაც უნდა მივიდეს ექიმთან, რადგანაც დანიშნულებას სჭირდება განახლება” – განაცხადა სერგეენკომ

 

მისი განმარტებითვე, ისეთი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა ტკივილი გულის არეში, ან  ალერგიული რეაქცია, ნებისმიერ აფთიაქში იქნება იმ მედიკამენტების სია, რომელთა შეძენა მოქალაქეებს ურეცეპტოდ შეეძლებათ. “ამ სიის ჩამოყალიბებაც ხანგრძლივ ანალიზს დაექვემდებარა,” – განაცხადა მინისტრმა.

 

რაც შეეხება მედიკამენტების კატეგორიზაციას, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პროცესი უკვე დამთავრებულია. წამლები დაიყო სამ კატეგორიად: ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები; .მედიკამენტები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება სააფთიაქო ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენებოდეს, ან მისი ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებამ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას და 3. ის მედიკამენტები, რომელიც ურეცეპტოდ იყიდება.

 

“ამას დაემატა მეოთხე, გადაუდებელი დახმარების ნაკრები, რომელიც შედგება დაახლოებით 15 დასახელების მედიკამენტისგან და ყველა იმ გადაუდებელ მდგომარეობას მოიცავს, რომელიც შეიძლება განვითარდეს ქუჩაში ან ბინაზე,”  – თქვა სერგეენკომ.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ რომ რეცეპტის ინსტიტუტზე გადასვლა მედიკამენტების გაძვირებას არ გამოიწვევს: “ამან არანაირი მენეჯერული ლოგიკით არ უნდა გააძვიროს წამლები, თუ არ იქნება რაღაც ცალკეული შეგნებული ქმედება”.

 

დავით სერგეენკოს თქმით, იყო გარკვეული რისკები, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ახალგაზრდა ექიმებმა ვერ შეიძინეს, ხოლო უფრო გამოცდილმა ექიმებმა პრაქტიკულად დაკარგეს რეცეპტებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.

 

“ამიტომ ჩვენ შევადგინეთ გეგმა, გავაცანით სამედიცინო დაწესებულებებს, გავაცანით ფარმაკოლოგიურ კომპანიებს და სააფთიაქო ქსელების მმართველებს. დამტკიცებული იქნა რეცეპტი, შეფასებული იქნა წინასწარ პრაქტიკულად ყველა რისკი” – თქვა მინისტრმა.

 

რეცეპტის იმ ფორმის მიხედვით, რომლითაც 1-ლი სექტემბრიდან ექიმები ისარგებლებენ, სავალდებულო იქნება როგორც ექიმის, ასევე პაციენტის პირადი ნომრის მითითება, ასევე მითითებული უნდა იყოს რეცეპტის გაცემის თარიღი და მისი მოქმედების ვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი