ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვერ დავუშვებთ, გალელმა ერთდროულად საქართველოს და აფხაზეთის პრეზიდენტები აირჩიოს”

7 თებერვალი, 2019 • 1430
“ვერ დავუშვებთ, გალელმა ერთდროულად საქართველოს და აფხაზეთის პრეზიდენტები აირჩიოს”

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ადგილობრივ მედიასთან გალის რაიონში მიმდინარე საკითხებზე საუბრის დროს კომენტარი გააკეთა მოსახლეობის სამართლებრივ სტატუსზეც:

“გალის რაიონის მცხოვრებთა სტატუსი განსაზღვრულია აფხაზეთის კანონმდებლობით. ჩვენი რაიონის მოსახლეობის უფლებებს აფხაზეთის ხელისუფლება იცავს. 2015 წლის გამოკითხვით მოსახლეობის 96%-ს საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ერთ ადამიანს შეეძლოს როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევა.

ვერ გავაკეთებთ ისე, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ ჩვენი მოქალაქეობა, თუკი უკვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას ფლობენ, რუსულის გარდა. უნდა გავიგოთ, რომ თუკი ჩვენ სახელმწიფოს ვქმნით, ქვეყნის დაცვის საკითხში მოქალაქეობა ქვაკუთხედია”, – ამბობს თემურ ნადარაია.

რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ თუ მოქალაქეს არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობის პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება ენგურის გადაკვეთა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით, მას აძლევენ “ფორმა 9”-ს და პრობლემებს არ უქმნიან.

ენგურის ხიდს ყველაზე ხშირად გალის რაიონის მცხოვრებლები “ფორმა 9”- ით [აფხაზური პასპორტის ალტერნატიული დოკუმენტი] კვეთენ.

აფხაზურმა მხარემ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა 2013 წელს შეაჩერა. 2014 წელს, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ამომრჩეველთა სიიდან 23 ათასი გალის მკვიდრი ამოიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი