ახალი ამბები

სასამართლომ სუს-ის წინააღმდეგ მაჩალიკაშვილების სარჩელი არ დააკმაყოფილა

5 თებერვალი, 2019 • 961
სასამართლომ სუს-ის წინააღმდეგ მაჩალიკაშვილების სარჩელი არ დააკმაყოფილა

5 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) წინააღმდეგ მაჩალიკაშვილების ოჯახის სარჩელი. ისინი სუს-ს თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ.

მოქალაქეები, აიზა მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევდნენ, რომ სუს-მა დაარღვია მათი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია. მათ უფლებებს სასამართლოში იცავდა უფლებადამცველი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას დაიჭრა, რამდენიმე დღეში კი ამის შედეგად გარდაიცვალა. EMC-ის თანახმად, სხვადასხვა დროს საჯარო განცხადებებში სუს-ი “მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე”, საქართველოს კანონმდებლობით კი ადამიანი უდანაშაულოდ მიიჩნევა მანამ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი არ დადგება.

თუმცა თემირლან მალაჩიკაშვილსთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მას არც ბრალდებულის სტატუსი ჰქონია.

EMC და მაჩალიკაშვილის ოჯახი დავობდა, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მტკიცებით ფორმაში თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე მითითება არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი