ნეტგაზეთი | ყარაბაღის სასაზღვრო სოფლებში სროლებზე მეტად უწყლობა აწუხებთ ყარაბაღის სასაზღვრო სოფლებში სროლებზე მეტად უწყლობა აწუხებთ – Netgazeti
RU | GE  

ყარაბაღის სასაზღვრო სოფლებში სროლებზე მეტად უწყლობა აწუხებთ

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მარტაკერტის რაიონის სოფლებში – ნორ აიკაჯურსა და ნორ კარმირავანში, სადაც ხშირად ისმის სროლები აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფი ხაზიდან, უწყლობის პრობლემა უფრო აწუხებთ, ვიდრე ცეცხლის ხაზთან სიახლოვე.

ამ სოფლებში, რომლებიც ყარაბაღის ომის შემდეგ აღმოცენდა და რომლებიც ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ცხოვრობს, რომელთა მშობლიური სოფლები ამ დროისთვის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

იური მარტიროსიანი
იური მარტიროსიანი

 

16 წლის იური, რომელიც სტეპანაკერტის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში სწავლობს, ყოველ შაბათ-კვირას და არდადეგებზე ჩადის მშობლიურ სოფელ ნორ კარმირავანში [იგივე სოფელი პაპრავენდი, რომელიც გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებით შედის აზერბაიჯანის აგდამის რაიონის შემადგენლობაში, ხოლო ფაქტობრივად, ნორ კარმირავანი არის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მარტაკერტის რაიონის სოფელი – რედ.], სადაც მისი ოჯახი უკვე 10 წელია ცხოვრობს.

სოფელი ნორ კარმირავანი
სოფელი ნორ კარმირავანი

 

ისე როგორც ამ სოფლის სხვა მცხოვრებლებმა, მათაც ნულიდან დაიწყეს ყველაფერი, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერით. იური – ექვს შვილს შორის ყველაზე უფროსია, ამიტომაც მის “ვალდებულებებში” მშობლების დახმარებაც შედის: ის არა მხოლოდ სახლის და მიწის ნაკვეთის მოვლაში ეხმარება ოჯახს, არამედ თავისუფალ დროს ფულის სხვა გზით გამომუშავებასაც ცდილობს.

იურის დედა, სილვა მარტიროსიანი
იურის დედა, სილვა მარტიროსიანი

 

დედა – სილვა მარტიროსიანი სიამაყით საუბრობს მის უფროს ვაჟზე და ამბობს, რომ მთელ იმედს სწორედ მასზე ამყარებს. სილვას ქმარს მუდმივი სამსახური არ აქვს: ამჟამად ის მიწის ნაკვეთს ამუშავებს, თუმცა კარგი მოსავლის მიღებას ყოველთვის ვერ ახერხებს. ამის მიზეზი კი არა კლიმატური პირობები, არამედ ის გახლავთ, რომ სოფელში წყალი არ არის.

 

აქ ყველას მხოლოდ ერთი პრობლემა აღელვებს: სროლების ხმის ქვეშ მცხოვრები ხალხი მეზობელი სოფლიდან ეზიდება წყალს, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მორწყვაზე კი ვერც ოცნებობენ.

“წყალს დღეში მხოლოდ 1 საათით გვაწვდიან,” – გვეუბნება სილვა და გამომშრალ ონკანს გვაჩვენებს. მისი თქმით, სოფელში წყლის პრობლემა არ იყო, როცა საცხოვრებლად აქ ჩამოვიდნენ.

იური მარტიროსიანის მამა
იური მარტიროსიანის მამა

საუბარში სილვას ქმარი ერთვება: “ყველაფერი მოგვარდება, არ იდარდო – აიღებენ მდიდრები მოსავალს და ჩვენც მოგვცემენ წყალს. ისინი ჯერ თავიანთ მიწებს რწყავენ”.

სილვას თქმით, წყლის პრობლემის საკითხზე “ზემოთ” და სოფლის თემის ხელმძღვანელთან უკვე იჩივლეს, თუმცა ეს პრომლემა დღემდე მოუგვარებელია, არადა, ამის გამო ისე გამოდის, რომ სულ ტყუილად შრომობენ:

“ცხოვრება წყალზეა დამოკიდებული და როგორ უნდა ვიცხოვროთ, თუკი ის არ გვექნება?” – კითხულობს სილვა და აგრძელებს, რომ უწყლობა მათ იმაზე უფრო მეტად აღელვებთ, ვიდრე საზღვარზე პერიოდული სროლები.

“როცა წყალი არ არის, ეს ჩვენთვის უკვე ომია, ძალიან დიდი პრობლემაა. ომის დროს იცი მაინც, რომ ომია, მაგრამ დღეს ის არ არის, თუმცა ცხოვრება მაინც შეუძლებელია, იმიტომ რომ წყალი არ გვაქვს, ეს ომზე უარესია. მდიდრები იხდიან ფულს, იღებენ წყალს თავიანთი მიწების მოსარწყავად და ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება და ასე ვცხოვრობთ”, – ამბობს ექვსი შვილის დედა, რომლის დიდი ოჯახი პატარა სამოთახიან სახლში ცხოვრობს, სადაც ძლივს ეტევიან, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც სახლში შეშის ღუმელს დგამენ, რომელიც პატარა ფართში არცთუ ისე მცირე ადგილს იკავებს.

მარტიროსიანების სახლი
მარტიროსიანების სახლი

 

მაგრამ ისინი უიმედობას არ ეძლევიან: სახელმწიფო მათ მეორე სახლს უშენებს მეექვსე შვილის დაბადებასთან დაკავშირებით (სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ოჯახს, სადაც 6 ან მეტი ბავშვი იზრდება, სახლს აძლევენ).

ამ სირთულეების მიუხედავად, იური, რომელიც ორი წლის შემდეგ სრულწლოვანი გახდება, სოფელში დარჩენას აპირებს და არა – რუსეთში სამუშაოდ წასვლას, როგორც ამას ამ სოფლის მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა აკეთებს: “რატომ არის აქ ყოფნას ცუდი? ეს ჩვენი სამშობლოა და მას დაცვა ჭირდება,” – ამბობს ის.

სოფელ ნორ აიკაჯურის მცხოვრებლები
სოფელ ნორ აიკაჯურის მცხოვრებლები

 

მეზობელ სოფელ ნორ აიკაჯურში, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების სოფლად მიიჩნევა, ასევე, გამუდმებით უწყლობაზე საუბრობენ. შვიდი შვილის დედა ანუშ ბაბაიანი ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ყარაბაღ-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლის მთელ პერიმეტრზე სარწყავი არხია გაყვანილი. სასოფლო-სამეურნეო მიწები მოვლილია, მაგრამ სასმელი წყალი არ არის და მას ადგილობრივები მეზობელი სოფლიდან ეზიდებიან:

 

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს, როცა 5 კილომეტრიდან უნდა მოიტანო ყოველდღიურად წყალი, რომელიც 9-სულიან ოჯახს ჭირდება?! კიდევ კარგი, რომ მანქანა გვყავს”.

ანუშ ბაბაიანი
ანუშ ბაბაიანი

 

ანუშის მოხუცი მეზობლები სინანულით იხსენებენ წარსულ დროს: “ჩვენ მდიდარი მეურნეობა გვქონდა მდინარე თართარის სანაპიროზე. სასმელი წყლის პრობლემა გასული საუკუნის 70-იან წლებამდე გვქონდა. შემდეგ ეს პრომლემა კოლმეურნეობის ხარჯებით მოიხსნა. მაშინ სხვა სისტემა იყო. ახლა ყველა ოჯახი თვითონ ზრუნავს თავის კეთილდღეობაზე.”

სოფელი ნორ აიკაჯური
სოფელი ნორ აიკაჯური

 

ანუშ ბაბაიანი ისეთ ოჯახშია გათხოვილი, რომელსაც თავისი სახლისა და ქონების დატოვება მოუხდა და ნორ აიკაჯურში დაფუძნდა. ის აქ 2004 წლიდან ცხოვრობს. მისი თქმით, თავიდან ძალიან უჭირდათ: წყლის, ელექტროენერგიის გარეშე იყვნენ. დროთა განმავლობაში პრობლემები გვარდება და ცხოვრება უმჯობესდება.

ოჯახში შემოსავლის ძირითადი წყარო მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა –  ყიდიან რძეს, ბოსტნეულს: “აქ მხოლოდ ასე შეიძება თავის შენახვა. თუკი ბევრს იშრომებ, ცხოვრება შესაძლებელია და კეთილდღეობის მიღწევაც”.

წოვინარ დანიელიანს ფრაგმენტულად ახსოვს ძველი აიკაჯური [აზერ. ჰასანქაია – რედ.]. ახსოვს, როგორ ტოვებდნენ სოფელს. ქალები და ბავშვები სომხეთის მარტუნინის რაიონში გადაიყვანეს. კაცები კი საომრად დარჩნენ, მაგრამ სოფლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მარტაკერტის რაიონის [აზერ. აგდამის რაიონი, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად, რაც 1994 წლიდან სომხეთის მიერაა ოკუპირებული – რედ.] გათავისუფლების შემდეგ ბევრი მათგანი დაბრუნდა და ახალი აიკაჯური დააარსეს.

მათი ოჯახი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სოფელში დასახლდა. წოვინარ დანიელიანის ქმარს – არტურს კარგად ახსოვს ყარაბაღის ომის წლები:

“როდესაც ყარაბაღში სიტუაცია დაიძაბა. მამაჩემი, რომელიც ჩაფარიდან [სოფელი ყარაბაღში – რედ.] იყო და რაზდანში [ქალაქი სომხეთში – რედ.] ცხოვრობდა, სოფელში დაბრუნდა, რომ იგი დაეცვა. მე არასრულწლოვანი ვიყავი. გავიქეცი და მასთან წავედი. ჩვენ ადრიანად გავიზარდეთ, ახალგაზრდობა არ გვქონია. ამაში ომია დამნაშავე. მე ყველა საშინელება ვნახე ჩემი თვალით. სწორად გამიგეთ, ომის არ მეშინია, ეს ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ. რისიც მეშინია, ეს პრომლების გადაუჭრელობაა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ისევ ვიომებ. ოთხი შვილი მყავს, ძლივს ვახერხებთ, რომ რაღაცნაირად ფეხზე დავდგეთ და სად უნდა წავიდე მათთან ერთად?”

საზღვრის იქით მცხოვრებლებზე საუბარი არ სურს: “ისინი პატარა ადამიანები არიან, რასაც უბრძანებენ, ისე მოიქცევიან. განცალკევებისა და დაშორების მიზეზი ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ პროცესში ზოგიერთი იხვეჭს, ზოგი კი – კარგავს”.

ბავშვები სოფელ ნორ აიკაჯურიდან
ბავშვები სოფელ ნორ აიკაჯურიდან

 

არტური ოთხ შვილს ზრდის, უმცროსი რამდენიმე თვისაა. ოჯახის ოროთახიან ბინაში ცხოვრობს, რომელიც სახელმწიფომ აუშენა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მათი საცხოვრებელი პირობები, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ არტური და წოვინარი იმედს არ კარგავენ. ნებართვა უკვე მიიღეს დამატებითი ოთახების მისაშენებლად. ამ კუთხით მათ დახმარების იმედი აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით წყლის პრობლემის მოგვარების საკითხზე.


მათი თქმით, წყლის პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც რაიონში აქტიურად განვითარდა სამთო მოპოვებითი მრეწველობა. ამის შედეგად ნორ აიკაჯურში წყალი საერთოდ აღარ არის, ნორ კარმირავანში თითქოს არის, მაგრამ რეალურად დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რადგან აქ სასმელ წყალს იქვე ჩამდინარე არხიდან იღებენ, საიდანაც წყალს ძროხებიც სვამენ და ბავშვებიც, რაც, სოფლის მოსახლეობის თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანაიტ დანიელიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის, Karabakh-open.info-ს მთავარი რედაქტორი