ახალი ამბები

მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი სახელმწიფო ხდება

4 თებერვალი, 2019 • 2046
მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი სახელმწიფო ხდება
6 თებერვალს ნატო-ს შტაბბინაში ხელი მოეწერება მაკედონიის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს.დოკუმენტს ხელს მოაწერენ ნატო-ს წევრი 29 სახელმწიფოს სპეციალური წარმომადგენლები. ღონისძიებას მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი დაესწრება. პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნიკოლა დიმიტროვი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

“6 თებერვალს ჩვენ ისტორიას დავწერთ: ნატო-ს მოკავშირეები, [მაკედონიის] საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლა დიმიტროვთან ერთად, მომავალი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს მოაწერენ ხელს”, – წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.

მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სკოპიე ქვეყნის სახელწოდების შეცვლას დათანხმდა. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის საერთაშორისო სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია იქნება. მაკედონიის სახელწოდება საბერძნეთთან 27-წლიანი დაპირისპირების საფუძველი იყო. ათენი მიიჩნევდა, რომ იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონის – მაკედონიის, სახელწოდება და ეს ბევრ გაურკვევლობას იწვევდა. სახელთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა მაკედონიის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატო-ში. საბოლოოდ, ათენმა და სკოპიემ მაკედონიის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

მაკედონია იმედოვნებს, რომ საბერძნეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც 6 თებერვალს ხელმოწერილი პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენს.

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ნატო-ს რიგით 30-ე წევრი სახელმწიფო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი