ახალი ამბები

რუსთავში ჰომოფობიური თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

2 თებერვალი, 2019 • 1269
რუსთავში ჰომოფობიური თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ძალადობის მუხლით რუსთავში ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება ორგანიზაცია “თანადგომის” სოციალურ მუშაკზე თავდასხმას –  დავით გელაშვილმა განაცხადა, რომ მას  ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ.

ამ საქმეზე ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს “ნეტგაზეთთან” ადასტურებს.

საქმეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] იძიებს.  დაკავებულსაც სწორედ ამ მუხლით წარუდგენენ ბრალს. “თანასწორობის მოძრაობის”ინფორმაციით, მეორე თავდამსხმელი არასწრულწლოვანია, აქედან გამომდინარე ის პოლიციამ 22.00 საათის შემდეგ კანონმდებლობის თანახმად ვეღარ დაკითხა.

დავით გელაშვილი  “ნეტგაზეთთან” საუბრისას ყვება, რომ სახლიდან ახალი გამოსული იყო, რა დროსაც ახლომდებარე სტადიონიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები მოესმა, შემდეგ კი ამავე სტადიონიდან ორი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.

“სახლიდან გამოვედი, ჩვეულებრიდად ჩაცმული. სტადიონზე თამაშობდნენ ბიჭები ფეხბურთს, ბევრნი იყვნენ და რამდენიმემ რაღაც შეძახილები დაიწყო. ტელეფონზე ვსაუბრობდი ამ დროს და არ ვაქცევდი არანაირად ყურადღებას, ვერც ვხედავდი, ვინ იყო და არც მაინტერესებდა. როგორც კი გავცდი სტადიონს, ბოდიში და, მეძახდნენ “ყ*ეო, პიდარასტო” და სხვა სიტყვებს. რომ გამოვცდი, როცა მათი ხმა აღარც მესმოდა და ვეღარც ვხედავდი, დამესხა თავს ორი ბიჭი. დაიწყეს ყვირილი და დარტყმა. სახეზე მაქვს დაზიანებები – ცხვირზე, ტუჩსა და თვალზე”, – ამბობს დათო გელაშვილი.

მისივე თქმით, გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო, რომელმაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. იქვე მყოფ თვითმხილველებზე დაყრდნობით, დაზარალებული ამბობს, რომ თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი