ახალი ამბები

რუსეთის საგარეო თავის მოქალაქეებს თბილისში არარსებული აქციის გამო აფრთხილებს

1 თებერვალი, 2019 •
რუსეთის საგარეო თავის მოქალაქეებს თბილისში არარსებული აქციის გამო აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს თბილისში 3 თებერვალს დაგეგმილი აქციების შესახებ აფრთხილებს. სინამდვილეში,  თბილისში ასეთი აქცია არა 3 თებერვალს, არამედ 2 თებერვალსაა დაგეგმილი და მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, სავარაუდოდ, საპროტესტო ფორმით არც ის ჩატარდება.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 3 თებერვალს განათლების სამინისტროსთან აქციას სტუდენტები აპირებენ და რეკომენდებულია ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან თავის შეკავება.

 

“გაოცებული ვარ ამ განცხადებით”, – თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების საპასუხოდ.

ზალკალიანის თქმით, არ იცის, ეს განცხადება რამდენად სერიოზულია და უჭირს კომენტარის გაკეთება. მისი თქმით, საქართველო ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორის მიერ უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული.

მე-12 კლასელებმა თბილისში აქციები მას შემდეგ დააანონსეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საატესტატო გამოცდები წელს მხოლოდ მე-11 კლასელებისათვის უქმდებოდა. მედიაში ამ აქციის თარიღის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ ფეისბუკზე აქციის ანონსი 2 თებერვლის თარიღით შეიქმნა.

ინფორმაცია აქციის შესახებ სპუტნიკმაც გაავრცელა. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული გამოცემის ცნობით, აქცია თბილისში 3 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ბმულს, რომელსაც სტატიიდან ფეისბუკში შექმნილ ანონსზე (Event) გადავყავართ, ამბობს, რომ აქცია (ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა #ორჯერორი) შაბათს, ანუ 2 თებერვალსაა დაგეგმილი. (აქციის ბმული)

ამ დროისთვის 2 თებერვლის აქციაში მონაწილეობის სურვილი 4000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოთქმული. თუმცა, როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, დღეს აქციის ორგანიზატორები განცხადებას გააკეთებენ და საპროტესტო აქცია შეიძლება გაუქმდეს, რადგან მისი მიზანი მიღწეულია.

Global Finance-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში 49-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი – 108-ზე. რეიტინგი სულ 128 ქვეყნისაგან შედგება. რეიტინგის წყარო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და მშვიდობის გლობალური ინსტიტუტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი