რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელი ანდრეი კლიშასი მიანიშნებს, რომ მოსკოვმა შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულოს და საქართველოს მოქალაქეებს 10 მილიონი ევრო არ გადაუხადოს.
მისი განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “პოლიტიკური ხასიათისაა” და შესაძლოა რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს. კლიშასი ფედერაციის საბჭოში სწორედ კონსტიტუციის საკითხებს კურირებს.
“აუცილებელია მოცემული გადაწყვეტილების ანალიზი, შეესაბამება თუ არა ის რუსეთის კონსტიტუციურ წესრიგს”, – აცხადებს კლიშასი რია ნოვოსტისთან.
მისი თქმით, რუსეთის კანონმდებლობაში ჩადებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც რუსეთს შეუძლია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები თავის ტერიტორიაზე შეუსრულებლად გამოაცხადოს.
“ეს მექანიზმი უკვე გამოვიყენეთ რამდენჯერმე”, – განაცხადა მან.
კლიშასის თქმით, რუსეთის პოზიციაზე საუბარი ტექსტის ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.