პაატა ზაქარეიშვილი: ფოტო: სამინისტრო
პაატა ზაქარეიშვილი: ფოტო: სამინისტრო

“საერთოდ, რატომღაც ჰგონიათ, რომ იმიტომ არსებობს სამინისტროები, რომ განცხადებებს უნდა აკეთებდნენ. განცხადება არ არის მთავრობის საქმე, როცა მთავრობის ნაწილია შსს, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ ამ მიმართულებით. თავიდან სომხური ეკლესიის მხრიდან გაკეთებული განცხადება იყო იმდენად არაზუსტი, რომ სოლიდარობის განწყობა მოგისპო. ეწერა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება, შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ არაფერი საერთო არ ჰქონდა წინასწარ დაგეგმილთან ამას,”- ამბობს ზაქარეიშვილი.

 

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის საფუძველი საყოფაცხოვრებო მიზეზი გახდა.

 

“იყო ყოფით დონეზე, მანქანის დაყენებიდან გამომდინარე რაღაც ადგილზე გარკვეული ჩოჩქოლი, რომელიც შემდეგ გადაიზარდა უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში, ფიზიკურში. მეორე – არ მომხდარა ეკლესიაში, ეკლესიის გარეთ მოხდა ეს ყველაფერი, თუმცა ეს ყველაფერი ეკლესიის კონტექსტში, მაგრამ თუ ზუსტად არ ჩაწერე, რაც მოხდა, უკვე ძალიან ბევრ მოკავშირეს არ აძლევ საშუალებას, რომ გვერდში ამოგიდგეს, ამიტომ გავარკვიეთ ეს შსს-ში და ძალიან შეწუხებულები იყვნენ ყველანი. აშკარად ჩანდა საწყის ეტაპზე, რომ ეს იყო წმინდა წყლის ან ხულიგნობა ან საყოფაცხოვრებო კონფლიქტი, რომელშიც შემდეგ უკვე როცა გაიზარდა და გაფართოვდა, გამოჩნდა ელემენტები ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების და ეს ყოვლად დაუშვებელია. ყველაფერი უნდა ვაკეთოთ, რომ ეს არ ხდებოდეს, მაგრამ ყველა ასეთ დიდ საზოგადოებებში შეიძლება მოხდეს ეს.”

 

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტი კვალიფიკაცია უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ესკალაცია გამოირიცხოს. 

 

“უნდა მოხდეს, ზუსტი, სრული, გამჭვირვალე კვალიფიკაცია და კვალიფიკაცია არის ის, რომ ეს არ ყოფილა შეგნებულად, გეგმაზომიერად წამოწყებული ანტირელიგიური თუ ანტიეთნიკური აქცია, რომელშიც ელემენტები მხოლოდ და მხოლოდ ფრაგმენტები გამოჩნდა, ამიტომ თუ საზოგადოების ყველა წევრი გულწრფელად დაინტერესებულნი ვიქნებით, რომ არ მოხდეს ესკალაცია ამ მიმართულებით, მაშინ უფრო მშვიდად შეიძლება საქმე მოგვარდეს. როგორც კი ერთი მხარე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, და აქეთკენ მიყავს საქმე, შენ იძულებული ხარ, აქეთ გამოწიო.”

 

კითხვაზე, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს სახელმწიფო, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს რეაგირება ამ შემთხვევაში იყო ადეკვატური.

 

მინისტრის თქმით, განცხადების უზუსტობასთან დაკავშირებით სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა. 

 

“ელექტრონული ფოსტით იყო კონტაქტები და ავუხსენი, რომ ასეთი რაღაცეები ჯობია, რომ იყოს უფრო ზუსტი, უფრო მკაფიო.”

 

კითხვაზე, რამ გამოიწვია გავრცელებული განცხადების უზუსტობა, ლევონ ისახანიანი, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი ამბობს: 

 

“უმჯობესია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. თუმცა საინტერესოა, როგორ შეიძლება ამხელა ჯგუფის მობილიზება და მოყვანა საჩხუბრად ამის წინასწარი დაგეგმარების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რომელმაც, წესით, ამ და სხვა კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.”


შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 125–ე, ცემის მუხლით დაიწყო. ეპარქია კი მოითხოვს, რომ საქმე როგორც ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაული გამოიძიონ

 

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის 20 ივლისის განცხადებით, 19 ივლისს ეკლესია დაახლოებით 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა, რის შედეგადაც სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. 


აღნიშნულ ფაქტზე განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გააკეთა. ისინი აცხადებენ, რომ ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზის მიხედვით, მიუხედავად ეთნიკური სიძულვილის კონტექსტისა, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, გამოვლენილი ძალადობის მიზეზებში ეთნიკური შუღლის ან მტრობის მოტივი არ დომინირებდა 

 

მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ “სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ფაქტი არ ატარებს რელიგიურ და ეთნიკურ ხასიათს.”

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *