ეკა ბესელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, იურისტი ბაია პატარაია, ამბობს, რომ, როცა ადამიანი სალანძღავ კატეგორიად იყენებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, ნიშნავს, რომ ამ საკითხის მიმართ მას მგრძნობელობა არ გააჩნია:
“მგრძნობელობა, რომ ჰქონდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობას სალანძღავ კატეგორიად არც გამოიყენებდა, რაც სრულიად ლეგიტიმურად ამ ადამიანის კვალიფიკაციას, მითუმეტეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ადამიანის უფლებათა დამცველს ასეთი რამ არ წამოცდება”.
ეკა ბესელიას კვალიფიკაციის და მისი მხრიდან ადამინის უფლებების უნივერსალურად დაცვის ეჭვქვეშ დაყენების გარდა, ბაია პატარაია თვლის, რომ პოლიტიკოსების, საჯარო პირების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები, საზოგადოებაში არსებული სტიგმის წამხალისებელია:
“ეკა ბესელიას ნათქვამი უფრო მეტს ესმის, ვიდრე რიგითი ადამიანის ნათქვამი, რადგან საჯარო სივრცეზე ხელი მიუწვდება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი საჯარო პირები და პოლიტიკოსები გამოირჩევიან პოლიტკორექტული ლექსიკით, ძალიან ხშირად სწორედ პოლიტიკოსებიდან მოდის იგივე ჰომოფობიური, სექსისტური გამონათქვამები, უფრო ხშირად ვერც კი აცნობიერებენ რა პრობლემაა ამაში, ზოგი თვლის, რომ გულწრფელობა უფრო ფასობს, არანაირი გულწრფელობა არ მჭირდება, მე მჭირდება პოლიტიკოსმა კორექტულად ისაუბროს, არავის უფლება არ შელახოს და ადამიანთა სტიგმატირებას ხელი არ შეუწყოს, თან ჩვენთან ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმდენად სტიგმატირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომ არათუ ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან მისვლა რცხვენია ადამიანს”,– ამბობს იურისტი.
ეკა ბესელია მართლაც არ არის არც პირველი და არც ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სალანძღავ კატეგორიად იყენებს. 2009 წელს ფონდმა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში- თბილისი” ანალიტიკური ანგარიში ”ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციების მედიამონიტორინგი” გამოაქვეყნა. ანგარიშის ერთი თავი სხვადასხვა მედიასაშუალებებით არასწორად გამოყენებულ ტერმინებს ეთმობა, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან:
”მან კარგად იცის, რომ მას ერთი ცხოვრებისეული პრინციპი აქვს, გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ცნებასა”, ”ისე, რაზე უნდა ელაპარაკო, ფსიქიატრიულში ”არ”-ებს რომ უწერენ იმაზე” ,” თუ ეს გიჟი დარჩა, მაშინ უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს” ”დღეს გიჟის გარდა ხელისუფლებასთან საქმეს არავინ დაიჭერს”, ”ცოცხალი, მაგრამ დაღუპული, გაბოროტებული, ბოღმიანი, გიჟი, კუდიანი, ცოდვილი”- ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფრაზებისა, რომელთაც პოლიტიკოსები სხვადასხვა მოვლენის შეფასებისას იყნებენ მედიასაშუალებებით.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციიაციის ხელმძღვანელი მანანა შარაშიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ საზოგადოებაა ნაკლებად სენსიტიური მენტალური ჯანმრთელობის მიმართ და ადამიანები ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ ისეთ ტერმინებს როგორიცაა “ასათიანზე ხარ წასაყვანი”, “ფსიქიატრთან სამკურნალო ხარ” და სხვა. ენაში გამჯდარი ასეთ ტერმინები სტიგმის გამაძლიერებელია, ამის შედეგად კი მათ ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და სტიგმის ეშინიათ, მკურნალობაზე უარს ამბობენ და ფსიქიატრს, დახმარების საჭიროების შემთხვევაში, აღარ მიმართავენ:
“ფსიქიატრთან მისვლა უარყოფით კონტექსტში განიხილება, ამის შედეგად კი ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, არ მიდის ფსიქიატრთან და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და ეს არის საზოგადოების დამოკიდებულიბიდან დამდგარი შედეგი,” – ამბობს შარაშიძე.
სტიგმის გამო მკურნალობაზე უარის თქმა შესაძლოა ფატალური შედეგის მომტანი გახდეს და მაგალითად დეპრესია, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში სუიციდით დასრულდეს. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქყვეყნებულ “10 ფაქტში” წერია, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრები მიმართ შემაკავებელი ფაქტორია მათი მხრიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, რათა სტიგმატიზაციის პროცესს თავი აარიდონ. “სტიგმამ შესაძლოა გამოიწვიოს იზოლაცია და გარიყოს ადამიანები ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესიდან”,– წერს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინების სალანძღავ კატეგორიებად გამოყენება არაერთხელ გამხდარა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის გადახედვის და ამ ტერმინების შეცვლაზე მსჯელობის საგანი. ასეთი ტერმინია მაგალითად, “გონებრივი ჩამორჩენილობა”, მართალია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის მიხედვით, ამ ტერმინს კვლავ იყენებენ, მაგრამ კლასიფიკაციის მე–11 გადახედვისას, რომელიც 2017 წლისთვისაა დაგეგმილი, ვარაუდობენ, რომ “გონებრივი ჩამორჩენილობა” “ინტელექტუალური განვითარების შეფერხებით” შეიცვალოს, რადგან იგი უფრო კონკრეტულია და მდგომარეობას არ აზოგადებს.
“ტერმინს შიზოფრენიას და შიზოფრენიით დაავდებულს იმდენად უარყოფით კონტექსტში იყენებენ, რომ მიმდინარეობს საუბარი ამ დიაგნოზის ფორმულირების შეცვლაზე. როდესაც ადამიანს შიზოფრენია აქვს და მას ისტორიაში უწერენ ამას, ეს დიაგნოზია და არა შეურაცხმყოფელი იარლიყი. ხოლო როცა ასეთ ტერმინებს ჩვენ სალანძღავ კატეგორიებად ვიყენებთ, იგი ამით არის შეურაცხყოფილი, რადგან მათ, ვინმეს უარყოფითად შეფასებისას სწორედ ეს ტერმინი ესმით. სამედიცინო სამყაროში ამაზე მუდმივად საუბრობენ, რომ ის სამედიცინო დიაგნოზი, რომლებსაც შეურაცხყოფის მისაყენებლად იყენებენ, გააქრონ სამედიცინო სფეროდან”, –ამბობს მანანა შარაშიძე.
ბაია პატარაია თვლის, რომ ყოველი მსგავსი შემთხვევა მძაფრი რეაქციის და კრიტიკის მიზეზი უნდა გახდეს. იურისტის აზრით, ეკა ბესელიამ სიტუაციიდან გამოსასვლელად თავისი შეცდომა უნდა აღიაროს და ბოდიში მოიხადოს ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც სჭირდება და მსგავს სამედიცინო დახმარებას მიმართავს:
“ბუნებრივია ამ მხრივ მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას ეს არ აღადგენს სავარაუდოდ, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია ამ შეცდომის გამოსასწორებლად”.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელს მანანა შარაშიძეს მიაჩნია, რომ ასეთი შემთხვევები საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს და ამ თვალსაზრისით მედიამ უნდა შეასრულოს პოზიტიური როლი, რადგან სწორედ ასეთი განხილვებისას ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ მისი მოგვარების გზებზე მსჯელობა, რის შედეგადაც საზოგადოების კრიტიკულ ნაწილს გაუჩნდება მგრძნობელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ.
ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ნაწილის პრობლემა ან მხოლოდ ციფრებში ასახულ ადამიანთა რაოდენობისთვის აქტუალური საკითხი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIMH) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სხვადასხვა ინტენსივობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. მზარდი სტიგმის გამო, 2011 წელს მენტალური ჯანმრთელობის ფონდმა სტრატეგია შეიმუშავა – “არავითარი ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე” . სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მენტალური პრობლემების მქონე პირთა ინკლუზიას, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, განათლებისა და ზრუნვის მიღებას უკავშირდება.

