ახალი ამბები

აშშ-ში ქალი, რომელიც სხვა მგზავრებს წონის გამო შეურაცხყოფდა, “რეისიდან მოხსნეს”

31 იანვარი, 2019 •
აშშ-ში ქალი, რომელიც სხვა მგზავრებს წონის გამო შეურაცხყოფდა, “რეისიდან მოხსნეს”

ავიაკომპანია United Airlines-მა რეისიდან მოხსნა ქალი, რომელიც გვერდით მჯდომი მგზავრების მისამართით ჭარბი წონის გამო შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ისროდა. ამის შესახებ Washington Post წერს.

ინციდენტი ლოს ანჯელესი-ნიუიარკის რეისზე 2 იანვარს მოხდა, თუმცა ცნობები ამერიკულ მედიაში მიმდინარე დღეებში გავრცელდა.

კადრები სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ადრესატმა ერთ-ერთმა მგზავრმა, მედდამ და აქტივისტმა, ნორმა როჯერსმა გაავრცელა, რომელიც ვითარებას ტელეფონით იღებდა. კადრებში ჩანს ქალი, რომელიც ორ ადამიანს შორის ზის და მათ შესახებ ტელეფონით ხმამაღლა საუბრობს.

“არ ვიცი, როგორ უნდა გავძლო მომდევნო ოთხი საათი. ეს შეუძლებელია. ისინი მავიწროებენ”, – ამბობს ქალი.

ნორმა როჯერსის თქმით, ვითარება მეტად დაიძაბა, როცა ქალის რეპლიკები უფრო და უფრო პერსონალური გახდა.

სხვა მგზავრები ვითარების დასტაბილურებას ცდილობდნენ და ქალს ეუბნებოდნენ, რომ თვითმფრინავში სხვა თავისუფალი ადგილებიც იყო. რამდენიმე მათგანმა ვეღარ შეძლო, მოეთმინა მისი რეპლიკები.

“უნდა შეგრცხვეთ საკუთარი თავის! საშინელებაა, რასაც აკეთებთ!” – ეუბნებოდა თვითმფრინავში მჯდომი ერთ-ერთი კაცი მას.

“ვერ ვსუნთქავ. შევიწროებული ვარ. მე სალათს ვჭამ, კარგი?” – პასუხობდა ქალი.

საბოლოოდ, ნორმა როჯერსმა, რომელიც რეპლიკების ერთ-ერთი ადრესატი იყო, ბორტგამცილებელს ადგილის შეცვლა სთხოვა:

“უკაცრავად, სხვა ადგილს ხომ ვერ მომინახავთ? რადგან ვერ ვიქნები ვერბალურად შევიწროებული ვერც ამ ბო*ის და ვერც სხვა ნებისმიერის მიერ”, – ისმის მისი ხმა ვიდეოში.

კადრებში ასევე ისმის, როგორ პასუხობს გვერდზე მსხდომთა წონით “შეწუხებული” ქალი ერთ-ერთი მგზავრს, რომელმაც ის გააკრიტიკა.

“თქვენ რატომ არ ზიხართ ამ ორ დიდ ღორს შორის?” – ამბობს ის.

ავიაკომპანიამ გამოცემა Washington Post-ს მისწერა, რომ ბორტგამცილებლები ცდილობდნენ, ქალისათვის სხვა ადგილი მოეძებნათ, თუმცა უშედეგო მცდელობების შემდეგ ის “რეისიდან მოხსნეს”.

“ავიახაზების ბორტგამცილებლები მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნავენ. ამიტომ მათ სწრაფად იმოქმედეს, რათა ხმაურის გამომწვევი მგზავრისათვის სხვა ადგილი ეპოვათ. როცა ცხადი გახდა, რომ ამ მგზავრის საქციელი, სავარაუდოდ, პრობლემებს შექმნიდა ფრენისას, ის უზრუნველყვეს ალტერნატიული რეისით მეორე დილით”, – აცხადებს Uniter Airlines.

მასალების გადაბეჭდვის წესი