ახალი ამბები

საქართველოს სამი თვის განმავლობაში ჩაერიცხება კომპენსაცია – წულუკიანი

31 იანვარი, 2019 •
საქართველოს სამი თვის განმავლობაში ჩაერიცხება კომპენსაცია – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს დღეიდან სამი თვის განმავლობაში ჩაერიცხება 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია, რომელიც 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ კოლექტიური გამოძევების მსხვერპლებს უნდა გადაეცეს.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ქართული მხარე რუსეთიდან დეპორტირებული მოქალაქეების საქმეზე წააწყდა.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ რუსეთთან 2014 წლიდან დღემდე მრავალი კომპლექსური პროცედურული პრობლემა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ოდენობის დაზარალებული ჰყავდა რუსეთის ფედერაციის განხორციელებულ ქმედებებს და იყო თუ არა კომპენსაციის განსაზღვრის წესი ის, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო ადგენდა საქმეზე “კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ”. უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან იუსტიციის სამინისტროს მოუწია საქართველოს მთავრობის მიერ  2007 წელს გამოჩენილი სისუსტის გაძლიერება, რადგან რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ეს სისუსტე გამოიყენა. აღმოჩნდა, რომ 2007 წელს საქართველოს მთავრობა, მართალია, დავობდა, რომ 4 ათასზე მეტი დაზარალებული ჰყავდა, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მხოლოდ 118 დაზარალებულის ვინაობა ჰქონდა წარდგენილი. 2015 წელს ისე, რომ მანამდე ეს საკითხი არ დაუყენებია, რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა ეს სისუსტე ჩვენს წინააღმდეგ და უკვე მრავალი წლის შემდეგ მოუწოდა სტრასბურგის სასამართლოს, რომ მსხვერპლთა რეალური ვინაობით დაინტერესებულიყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მოუწია, მისთვის ცნობილ თითოეულ დაზარალებულს დაკავშირებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალური მონაცემები უწყებაში დაარქივებული არ დახვდა.

თეა წულუკიანის თქმით, არაერთმა დაზარალებულმა უარი განაცხადა, ყოფილიყო სიაში, ზოგი რუსეთში დაბრუნდა, ზოგს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში გააგზავნა დეტალური მონაცემები 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადანაწილდეს სულ მცირე 1 500 დაზარალებულზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი