ირანის დედაქალაქში ძაღლების გასეირნება აიკრძალა. თეირანის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება გაგრძელებაა მრავალწლიანი პრაქტიკისა, რომელიც ძაღლების მფლობელებს სხვადასხვა ფორმით ზღუდავს.
“მივიღეთ ნებართვა თეირანის პროკურატურისაგან და გავატარებთ შესაბამის ზომებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ძაღლს გაასეირნებს საჯარო ადგილებში, მაგალითად, პარკებში”, – ციტირებს BBC თეირანის პოლიციის უფროსს, ჰოსეინ რაჰიმის.
რაჰიმის განცხადებით, ძაღლები შიშსა და არეულობას თესავენ საზოგადოებაში. მანვე აღნიშნა, რომ აკრძალვას დაექვემდებარება არამხოლოდ გასეირნება, არამედ ძაღლთან ერთად ავტომანქანით გადაადგილება.
“თუ ამას აღმოვაჩენთ, მანქანის მფლობელის მიმართ სერიოზული საპოლიციო ქმედებები გატარდება”, – თქვა მან.
ირანში, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა, ძაღლების ყოლის საკითხი აქამდეც საკამათო იყო. ამ ხნის მანძილზე ძაღლების კონფისკაციის შემთხვევებიც ყოფილა.
“ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პირების მიერ ძაღლი უსუფთაო ცხოველად მიიჩნევა, მისი ყოლა კი, ყოფილი მონარქიის პროდასავლური პოლიტიკის სიმბოლოდ”, – წერს BBC.
რესპუბლიკის პოლიტიკას ძაღლების ყოლასთან დაკავშირებით მოქალაქეები სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ და წინააღმდეგობასაც აწყდებიან. ირანელ ქალთა საპროტესტო მოძრაობის, “ჩემი ფარული თავისუფლების” ფეისბუქ გვერდზე არაერთი შესაბამისი ფოტო და ვიდეოა განთავსებული.