“გემი Iron Trader-ი დაცურავს პანამის დროში ქვეშ, მაგრამ თურქეთის მოქალაქეა მფლობელი. გემი ნიგერიის შესაბამისმა უწყებებმა დააკავეს იანვარში, ჩვენ ხელთ არსებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ამის მიზეზი იყო ბრალდება, რომლის მიხედვითაც გემზე კონტრაბანდული საბრძოლო იარაღი არსებობდა, თუმცა ეს არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია”, – ამბობს იოსელიანი და დასძენს, რომ მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სამმა მეზღვაურმა 37 დღე ნიგერიის ციხეში გაატარა, რის შემდეგაც შედგა სასამართლო და ისინი გათავისუფლდნენ, თუმცა გემზე შინაპატიმრობაში იმყოფებიან. ამასთან, იოსელიანის ინფორმაციით, გემს დავალიანება გააჩნია იმ ნავსადგურის მიმართ, რომელშიც ამჟამად იმყოფება.
გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქე რამიზ ქათამაძეა, მასთან ერთად იმყოფება კიდევ საქართველოს ორი მოქალაქე- მოტორისტი ჯაბა დუმბაძე და ნიკოლაი პოდარჩუკი.
თამარ იოსელიანის თქმით, მათ საქმის კურსში ჩააყენეს საგარეო უწყება და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, დაუკავშირდნენ ნიგერიის შესაბამის საზღვაო უწყებას და ვითარებაში გარკვევა სთხოვეს. სააგენტო იმედოვნებს, რომ მეზღვაურებთან გასაუბრებას საღამოს შეძლებს სკაიპის მეშვეობით.
გემზე სულ 11 მეზღვაური იმყოფება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ეკიპაჟის წევრები თურქეთის მოქალაქეებიც არიან.

