კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც, მათ შორის, კანადის ე.წ. „მაგნიტსკის აქტის“ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განმხორციელებელ პირებზე გავრცელების შესახებ არის საუბარი.
კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის აგრესიას (Responding to Russian Aggression Against Ukraine, Moldova and Georgia in The Black Sea Region) ეხება, აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომი, 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია, მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტში და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან მისი სამხედრო მოქმედებები შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
სარეზოლუციო ნაწილში, რომლითაც თავდაცვის კომიტეტი კანადის აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ:
- ხელი შეუწყოს და წაახალისოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან;
- გაავრცელოს კანადის პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოეთის კორუმპირებული მთავრობების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის“ კანონით დაწესებული სანქციები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში ბრალდებულ პირთა მიმართ (რაც თავის მხრივ ეხმიანება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას)
- დაიწყოს საქართველოსთან და მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში შეთანხების გაფორმებაზე მუშაობა;
- რუსეთის მიერ ვითარების ესკალაციის საპასუხოდ, ლობირება გაუწიოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჩართულობის გაზრდას;
- მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მისწრაფებებს, გახდნენ ნატოს წევრები;
- მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში, განსაკუთრებით, სამთავრობო სტრუქტურებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერ-თავდასხმებთან და მედიის მეშვეობით უცხოური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაში.
“კომიტეტის ანგარიში საქართველოსადმი კანადის პარლამენტის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და შავ ზღვაზე კანადის გააქტიურებისკენ მოწოდებასთან ერთად, რეზოლუციაში საუბარია კანადის „მაგნიტსკის აქტის“ იმ პირებზე გავრცელების შესახებ, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებში ედებათ ბრალი”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქართული მხარე ამბობს, რომ საქართველოს საელჩო ოტავაში აგრძელებს მუშაობას როგორც კანადის მთავრობასთან, ასევე, პარლამენტთან, თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში ასახული საკითხების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით.
დოკუმენტის დამტკიცებას წინ უძღოდა 2018 წლის 4 დეკემბერს ხსენებულ სამ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სპეციალური მოსმენა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარ მომხსენებლად მიწვეული იყო კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე. სხდომას, პარლამენტარების გარდა, კვლევითი ცენტრების ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კანადის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით ამგვარი მოსმენა პირველად გაიმართა.
მოსმენაზე კანადურმა მხარემ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სტეფან ფიურმა, კანადელმა პარლამენტარებმა როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიებიდან, თავიანთ გამოსვლებში დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და გამოთქვეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვის მზადყოფნა. ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე.