ახალი ამბები

საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების აკრძალვისთვის

22 ივლისი, 2014 • • 2967
საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების აკრძალვისთვის

“პროპაგანდისტული ომია, ეს არის ინსტრუმენტი ოკუპანტის ხელში, ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთი შეზღუდვა უნდა არსებობდეს”, – ამბობს დეპუტატი გიორგი ბარამიძე ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს, რომ შესაბამის კანონპროექტზე იგი უკვე მუშაობს, თუმცა ჯერ ვერ ისაუბრებს დეტალებზე, კონკრეტულად რომელ კანონში ფიქრობს ცვლილების შეტანას.

 

დეპუტატის თქმით, შეზღუდვა უნდა შეეხოს რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიებს და ასევე იმ არხებს, რომლის აქციების სამართავ პაკეტებსაც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიები ფლობენ:

 

“საუბარია იმ საშუალებებზე, რომლებიც კონტროლდებიან რეჟიმის მიერ, პირველ რიგში, სახელმწიფო არხებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თუმცა არ მგონია, რომ კერძო კომპანიად უნდა იყოს განხილული, მაგალითად, გაზპრომის მიერ კონტროლირებადი არხები – გაზპრომი, თავის მხრივ, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიაა. ანუ, საბოლოო ჯამში, ლაპარაკია იმ კომპანიებზე, რომლებიც უშუალოდ რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება ან სახელმწიფოს საკუთრებაშია მათი მმართველი ფირმის უმეტესი წილი. ალბათ, ამ მიმართულებას ავიღებთ, იმიტომ, რომ შეიძლება ბევრი კერძო კომპანია არ მოგწონდეს, მაგრამ კანონპროექტის თვალსაზრისით რაღაც დეფინიციაში უნდა ჩავჯდეთ. ვგულისხმობ ერ-ტე-ერს, რუსეთის პირველი არხს, რაშა თუდეის – რომლებიც ცნობილია, რომ რეჟიმის მთავარი ინსტრუმენტები არიან პროპაგანდისტულ ომში”.


გია ბარამიძე რუსული არხების წინააღმდეგ/გამოყენებულია EPA-ს ფოტომასალა
გია ბარამიძე რუსული არხების წინააღმდეგ/გამოყენებულია EPA-ს ფოტომასალა

 

რუსეთის სახელმწიფო პირველი არხი (Первый канал (ОРТ )Всемирная сеть) მიმდინარე წლის ივლისის თვიდან საქართველოში სილკ TV-მ დაამატა რუსულენოვან 5 სხვა არხთან ერთად: 1. Первый канал (ОРТ )Всемирная сеть – არხი დაემატა SILKTV პაკეტებს: “დელუქსი” (DSL) და “დე ლუქსი” HD, ასევე განთავსდა თემატურ პაკეტში “პლიუსი”. 2. Дом Кино – არხი განთავსდა თემატურ პაკეტში “კინო” , ასევე დაემატა “დე ლუქსის” (HD და DSL) პაკეტს. 3. Карусель არხი დაემატა თემატური პაკეტი “საბავშვო” 4. Время: далекое и близкое – არხი დაემატა “დე ლუქსის” (HD და DSL) პაკეტს, ასევე თემატურ პაკეტს „ჰობი“. 5. Музыка Первого – არხი დაემატა პაკეტებს: “დე ლუქსი” პლუს+; „ლუქსი“; „დე ლუქსი“ HD; „ლაითი“ (DSL); და „დე ლუქსი“ (DSL) 6. Телекафе არხი დაემატა პაკეტებს: “დე ლუქსი” plus+; “ლაითი”; „ლუქსი“; „დე ლუქსი“ HD; „ლაითი“ (DSL); „დე ლუქსი“ (DSL)

 

რუსულენოვანი არხების დიდი ნაწილის რეტრანსლირება საქართველოში მოქმედმა საკაბელო კომპანიებმა 2008 წლის ომის შემდეგ შეწყვიტეს, თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ეს ისე მოხდა, რომ კანონმდებლობაში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების წინააღმდეგ არავითარი ცვლილება არ შესულა.

“კომისია საკაბელო კომპანიების ბიზნეს თუ მარკეტინგულ სტრატეგიაში არ ერევა. კომპანიები თავად წყვეტენ, რომელი სამაუწყებლო არხი შესთავაზონ მომხმარებლებს, უბრალოდ, ყველა არხზე, რომელიც მათ სამომხმარებლო პაკეტში ზის, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხელშეკრულებები, ან ნებართვები თუ ლიცენზიები რეტრანსლირებასთან დაკავშირებით”.

 

ტელეკომპანია სილქნეტში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ზემოხსენებული რუსულენოვანი არხების საკაბელო ქსელში დამატების გადაწყვეტილება მათ მომხმარებლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს. ნეტგაზეთის კითხვას, მომხმარებელთა მთლიანი რაოდენობის რამდენმა პროცენტმა მოითხოვა ამ არხების დამატება, სილქნეტში უპასუხეს: “მოთხოვნა ფიქსირდებოდა ფეისბუკის გვერდზე და ცხელი ხაზის მეშვეობით”. რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ გადაწყვიტა კომპანიამ არხების აქამდე დამატება, სილქნეტი პასუხობს: “აქამდე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომ ლეგალურად მიგვეღო არხები ინტერაქტიული ფუნქციით”.

“ცხადია, რაც კანონმდბელობით არ არის აკრძალული, შეუძლიათ გააკეთონ. მე მათ მიმართ არ მაქვს პრეტენზია. ეს მათი საქმეა. ბიზნესი არ არის ვალდებული პოლიტიკური მიზანშეწონილობით იხელმძღვანელოს: ბიზნესი ბიზნესია და რაც არ არის აკრძალული, შეუძლია გააკეთოს, ამიტომ ვამბობ, რომ კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს”, – ამბობს გიორგი ბარამიძე და აცხადებს, რომ იგი ზოგიერთი რუსული ტელეკომპანიის ქართულ საკაბელო სივრცეში დაბრუნებას რუსეთის მიმართ “ხელისუფლების შეცვლილ რიტორიკას უკავშირებს”. მიუხედავად მისი ამ მოსაზრებისა, გიორგი ბარამიძე ფიქრობს, რომ პარლამენტში მის ინიციატივას მხარდამჭერები არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის გუნდიდან, არამედ საპარლამენტო უმრავლესობიდანაც გამოუჩნდებიან:

 

“არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეულმა დეპუტატებმა, მათ შორის უმრავლესობიდან, მხარი დაგვიჭირონ იმიტომ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და ის, რომ რუსეთი მარტო ტანკით არ გვეომება. მით უმეტეს, ყველამ კარგად იცის რას ნიშნავს ე.წ. რბილი ძალა და  რამხელა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გავრცელების საშუალებებს ომშიც და მის შემდგომ პერიოდშიც”, – აცხადებს დეპუტატი ნეტგაზეთთან საუბარში.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით დაცულია. კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, “ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია , გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად , წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით ; მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია . ცენზურა დაუშვებელია; სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება”. თუმცა იურისტი ნათია კაპანაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ იმავე კონსტიტუციით, ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის დეპუტატმა ბარამიძემ უნდა დაასაბუთოს, რა საზოგადოებრივი საფრთხე იქმნება რუსეთის სახელმწიფო არხების საქართველოში რეტრანსლირებით:

 

“თუ დეპუტატს აქვს ასეთი ინიციატივა, მან უნდა დაასაბუთოს, რატომ მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო უშიშროებას, ტერიტორიულ მთლიანობას, ან საზოაგდოებრივი უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე. ეს მიზეზი ასევე შეიძლება იყოს დანაშაულის თავიდან აცილება, სხვათა უფლებებისა და ღირსებების დაცვა, მოცემული ჩამონათვალი არსებობს იმისთვის, რომ კონკრეტული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა მოხდეს. თუ დეპუტატის ინიციატივა პარლამენტში შევა, მან უნდა დაასაბუთოს, რომ ამ რომელიმე უფლების დარღვევასთან გვაქვს საქმე”, – ამბობს ნათია კაპანაძე  და დასძენს, რომ დეპუტატმა ასევე უნდა დაასაბუთოს, რომ შეზღუდვა მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა. იურისტი ვარაუდობს, რომ ამ უკანასკნელი საკითხის დასაბუთება საკმაოდ რთული იქნება, რადგან 21-ე საუკუნეში ტელევიზიის გარდა ინფორმაციის გავრცელების არაერთი საშუალება არსებობს, მათ შორის ინტერნეტი, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ინფორმაციას იღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი