ახალი ამბებიეკონომიკა

შსს-თვის 1 024 800 ლარის თაფლი, შესაძლოა, რუსეთიდან ჩამოიტანონ

29 იანვარი, 2019 • 4573
შსს-თვის 1 024 800 ლარის თაფლი, შესაძლოა, რუსეთიდან ჩამოიტანონ

შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს კომპანია, რომელიც თაფლის შემოტანას რუსეთიდან აპირებს. სააგენტომ შესაძლოა რუსეთიდან იმპორტირებულ თაფლში 1 024 800 ლარი გადაიხადოს. სააგენტო თაფლს შსს-სთვის ყიდულობს.

კონსოლიდირებულ ტენდერში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და შსს-ს უწყების დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებისთვის 73.2 ტონა თაფლის შესყიდვას ითვალისწინებს, ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ყველაზე დაბალი ფასი  შპს ვ.ტ-მ წარადგინა (1 კგ. 14 ლარი), რომელმაც ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული კომპანიის, შპს “აპიდეის” თაფლი უნდა შემოიტანოს.

კონსოლიდირებული ტენდერის  დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ ახლა თაფლის ნიმუში უნდა წარადგინოს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია.

რატომ გახდა საჭირო რუსეთიდან თაფლის შემოტანა, როცა ეს დარგი საქართველოშიც განვითარებულია, მეფუტკრეების ნაწილს კითხვებს უჩენს. როგორც ადგილობრივი მეწარმე, ავქსენტი პაპავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, 73 200 კილო თაფლის შეძენა ადგილობრივ ბაზარზეც არის შესაძლებელი:

“პირობებში არაფერი [ისეთი] არაა, რის გამოც ქართული თაფლის გაყიდვა გაგვიჭირდება. არც თაფლის ამ რაოდენობის მოპოვებაა [პრობლემა], ვინაიდან საქართველოში 2 000 ტონაზე მეტი თაფლი იწარმოება და თანაც 73 ტონა თაფლის შეგროვებაც არანაირი პრობლემა არ არის. რატომ მოხდა ასე, რომ რუსული თაფლი უნდა შემოიტანონ, არ ვიცი, შარშან, მაგალითად, როგორც გავიგე, უკრაინიდან  შემოუტანიათ”, – ამბობს პაპავა.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა რომელიმე ქართულმა საწარმომ ტენდერში მონაწილეობა. ეს ჯერჯერობით სატენდერო დოკუმენტაციაში არ ჩანს.

პაპავას თქმით, ამ საკითხზე მეწარმეებმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეხვედრა მოითხოვეს, რომელიც ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი