ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში პარკის გაშენების მოთხოვნით, ხვალ, 30 იანვარს, აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები თბილისის მერიის წინ 11:30 საათზე შეიკრიბებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, თბილისი, რომელიც დღეს გამონაბოლქვით დაბინძურებულია, მეტ სარეკრეაციო სივრცეს საჭიროებს. ამ უკანასკნელის გაშენება კი პირდაპირ მერიის მოვალოებაა.
“ასეთ პირობებში ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის მოქცეული კვარტალი, რომლის ფართიდან ერთი ჰექტარი მთლიანად გაუშენიანებელია, თბილისის თვითმმართველ ერთეულს ეკუთვნის, ე.ი. ის მოქალაქეთა საკუთრებაა.
ესაა არა მარტო ოქროს უბანში, არამედ მის მომიჯნავე დიდ არეალზე ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, პარკის დაარსებით ზემოთ აღწერილი მძიმე მდგომარეობა ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს ისე, რომ ქალაქის მმართველობას კერძო მესაკუთრეთაგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა არ დასჭირდეს,” – წერია მოქალაქეთა განცხადებაში.
სწორედ ამ ტერიტორიაზე, რომელზეც მოქალაქეები საუბრობენ, სამშენებლო კომპანია m2 ცენტრ-პოინტთან შეთანხმების საფუძველზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. კომპანიის თქმით, პროექტში, რომელიც სარეკრეაციო ზონასაც ითვალისწინებს, შენობა-ნაგებობების მაქსიმალური სიმაღლე 7 სართული უნდა იყოს. თუმცა ამ უკანასკნელს არ ეთანხმება იქ მცხოვრები მოსახლეობა.
როგორც ისინი ქალაქის ურბანული განვითარების სამსახურისთვის მიწერილ განცხადებაში განმარტავენ, ტერიტორია, რომელიც დღეს უფუნქციოა, ერთადერთი შანსია იმისთვის, რომ ახლომდებარე სახლებში მცხოვრებ ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრებისადმი ინტერესი გაუჩნდეთ
“მერია სწორედ კერძო პირებისგან განიცდის წნეხს ამ ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად და ამ წნეხის საპირწონე ხმა მოქალაქეებისგან უყურადღებოდ რჩება – უბნელების და ფართო საზოგადოების მიერ აღნიშნულ კვარტალში მოწყობილ ორ აქციას მერიის გადაწყვეტილება პარკის დაარსებაზე არ მოჰყოლია.
ამიტომ ახლა უკვე მერიის წინ შევიკრიბოთ და ჩვენი მტკიცე მოთხოვნით დავანახოთ ქალაქის მმართველობას, რომ ოქროს უბანში პარკის მოწყობა მისი არსებითი მოვალეობაა, რომ ის მოქალაქეთა წარმომადგენელია და უფლება არ აქვს, ანგარებას გამოკიდებულ კერძო პირთა კარნახით მოქმედებდეს,” – წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ამავე თემაზე
ტერიტორია ჩუღურეთში, სადაც m2-ს მშენებლობის დაწყება სურს და პროტესტი