ახალი ამბები

მაღალი თანამდებობის პირების საქმეებზე პროკურატურა უცხოელ კონსულტანტებთან ითანამშრომლებს

22 ივლისი, 2014 • • 1089
მაღალი თანამდებობის პირების საქმეებზე პროკურატურა უცხოელ კონსულტანტებთან ითანამშრომლებს

მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოებაზე უცხოელი სისხლის სამართლის სპეციალისტების ჩართულობა პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებას ხელს შეუწყობს.

 

“ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას”, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.

 

პროკურატურა გეგმავს, რომ მოწვეული სპეციალისტებისგან დააკომპლექტოს კონსულტანტთა ჯგუფი, რათა მაქსიმალურად გაიზიარონ მათი გამოცდილება და რეკომენდაციები მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა. 

 

პროკურატურა აცხადებს, რომ მოწვეული სტუმრები არიან ყოფილი პროკურორები, რომლებსაც წარსულში ეკავათ მაღალი თანამდებობები საკუთარი ქვეყნების სამართლადამცავ ორგანოებში, უძღვებოდნენ ყოფილი სახელმწიფო მოხელეების გახმაურებულ საქმეებს.

 

მოწვეულ სპეციალისტებს შორის არიან სერ ჯეფრი ნაისი, მოშე ლადორი, პოლ კაფი. 

 

პროკურატურამ მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოსაძიებლად უცხოელი სპეციალისტები მოიწვია.2014 წლის 22 ივლისი
პროკურატურამ მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოსაძიებლად უცხოელი სპეციალისტები მოიწვია.2014 წლის 22 ივლისი

სერ ჯეფრი ნაისი – 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს.

 

მოშე ლადორი –  იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე  ყოფნისას ის ზედამხედველობდა არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის საქმეც.

 

პოლ კაფი – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით  იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი