ახალი ამბები

სტუდენტი გუკა ბაძაღუა წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

28 იანვარი, 2019 • 2068
სტუდენტი გუკა ბაძაღუა წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

2018 წლის 11 ოქტომბერს დაკავებული სტუდენტი გუკა ბაძაღუა წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ილო ხვიჩიამ დაუდასტურა, რომელიც გუკა ბაძაღუას გათავისუფლებისთვის აქციებს მართავდა.

მისი თქმით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალა და ბაძაღუას 4000-ლარიანი გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა დაუწესა. ხვიჩიას თქმითქვე, დღეს, 28 იანვარს გამართულ პროცესზე მოსამართლემ ბაძაღუა დარბაზიდან გაათავისუფლა და შემდეგი პროცესი 14 თებერვალს ჩანიშნა.

ბაძაღუა 2018 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება, რაც თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ითვალისწინებს. როგორც მისი მეგობრები იუწყებიან, გუკა ბაძაღუას ბინაში ის პირი დააკავეს, რომელსაც სახელმწიფო დაახლოებით 16 თვის განმავლობაში ეძებდა. მათი თქმით, ბაძაღუამ არ იცოდა მისი დანაშაულის შესახებ.

“გუკას ბინაში დააკავეს ადამიანი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, დაახლოებით 16 თვის განმავლობაში იყო ძებნილი. თუმცა გუკამ ამის შესახებ არ იცოდა. საქმე ისაა, რომ მან ეს პირი გაიცნო ანაკლიაში, ელექტორნული მუსიკის ფესტივალზე, და მას შემდეგ მათ კომუნიკაცია დაკავების დღემდე არ ჰქონიათ.

რაც შეეხება უშუალოდ დაკავებას, ოქტომბრის დასაწყისში გუკამ ეს პირი სრულიად შემთხვევით ნახა თბილისის ქუჩებში, როდესაც ის აბსოლუტურად თავისუფლად სეირნობდა. მან გულახდილად შესთავაზა ნაცნობს, მასთან ასულიყვნენ და ესაუბრათ, ვინაიდან კომუნიკაცია ფესტივალის შემდეგ არ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ საწინააღმდეგოს პროკურატურა ვერ ამტკიცებს,” – ამბობს ილო ხვიჩია ნეტგაზეთთან.

ვრცლად ამ თემაზე:

რატომ დგას საკანი მთავრობის ადმინისტრაციასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი