ახალი ამბები

“მოქალაქე” ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს და მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

21 ივლისი, 2014 • • 979
“მოქალაქე” ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს და მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

 “რუსთავი 2″– ის ეთერით მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილს სურდა და ამ მიზნის მიღწევა ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლის პირობებში რთული იქნებოდა,  ორგანიზაცია უპასუხისმგებლოს უწოდებს:

“დიდი ხანია, ექსპრეზიდენტი თავისი უპასუხისმგებლო და არასერიოზული გამოსვლებით დაემსგავსა საჯარო სივრცეში უპასუხისმგებლობო გამონათქვამების სიმბოლოს – შალვა ნათელაშვილს, რომელსაც პრაქტიკულად სერიოზულად აღარავინ აღიქვამს და ჩვენც შესაბამისად არ ვპასუხობთ.
 რამდენიმე დღის წინ “მოქალაქემ” იმიტომ მიანიშნა მაესტროს ეთერში ჟურნალისტების დიალოგისას ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ გარკვეულ მოსაზრებებზე, რომ იქ მყოფი ჟურნალისტები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ გამონათქვამებს, რასაც ვერ ვიტყვით ტელეარხ რუსთავი 2-ზე, რომელსაც წესად აქვს ქცეული უპასუხისმგებლო ბინძური კამპანიების გაჩაღება და სიცრუის ტირაჟირება. ორგანიზაცია “მოქალაქე” მხარს უჭერს საჯარო სივრცეში არგუმენტირებულ კრიტიკას და აზრთა ჭიდილს, მაგრამ არა ჭორაობას, უმეცრებასა და მდაბიო რიტორიკას”.– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაციის დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი აწერს ხელს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ განცხადებით უპასუხა ტელეკომპანიასა და მიხეილ სააკაშვილს, განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ “მოქალაქე” რეაგირებას არ მოახდენს იმ პირებისა და ორგანიზაციების გამონათქვამებზე, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობის ეტალონი შალვა ნათელაშვილია.

 

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა  “რუსთავი 2″–ის ეთერით განაცხადა, რომ ტელეკომპანიის  ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილს სურს, ხოლო ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლის პირობებში “რუსთავი2″–ის წაღება რთული იქნებოდა.

 

“მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია, რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, “რუსთავი 2” ერთმნიშვნელოვნად რჩება მთავარი სამიზნე რუსი ოლიგარქის და ასევე იმ ხალხის, ვისგანაც ის იღებს ინსტრუქტაჟს თუ რჩევებს. ის, რომ ეს მისი სამიზნეა, მას ჩემთვის ნათქვამი აქვს რამდენჯერმე, მათ შორის არჩევნების შემდეგ. პირდაპირ თვალებში ყურებით და რამდენჯერმე აქვს დაბეჯითებით ნათქვამი, რომ ის ამ ტელევიზიას წაიღებს. მე არც ვჭორაობ, ეს არის ის, რაც მან თქვა, საჯაროდ თქვა და თქვა არაერთხელ. ის, რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ პროცესს არ ეთანხმებოდა და ის, რომ რეალურად ის იყო “რუსთავი 2”-ის შემქმნელი კოლექტივთან ერთად, მაგრამ ის იყო მთავარი შემქმნელი და ამაზე ძალიან აქტიურად საუბრობდა. ეროსის სიცოცხლის პირობებში “რუსთავი 2″-ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა, შეუძლებელი არ იქნებოდა, მაგრამ გართულდებოდა. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ის ვიღაცამ მოიშორა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან და არ იქნებოდა სწორი მისი ოჯახის, მისი ხსოვნის წინაშე”.– განაცხადა სააკაშვილმა “რუსთავი 2″–ის ეთერით.

 

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, სისხლის სამართლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი