ახალი ამბები

ინაშვილი და თარხან-მოურავი ილია II-ს სთხოვენ, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიას

28 იანვარი, 2019 • 7376
ინაშვილი და თარხან-მოურავი ილია II-ს სთხოვენ, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიას

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და სინოდს მიმართავენ, მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. შესაბამის ტექსტს ინაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს.

მიმართვის ავტორები “გაოგნებულნი” არიან კრეტის კრების გადაწყვეტილებითა და  კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭებით. მათი აზრით, რეალურად, ის “თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს.”

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ აღიარებულ ეკლესიას ავტოკეფალური ეწოდება, დღეს ამ ეკლესიას ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე უკრაინის თვითმმართველ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში. ამასთან, მომავალშიც, თუკი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებები გაიზრდება, მსოფლიო პატრიარქის განჩინებიდან გამომდინარე, ორივე ეკლესია დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

სინამდვილე კი ისაა, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს, ქმნის მონასტრებს თავის დაქვემდებარებაში და ასევე თავის დაქვემდებარებაში გადაჰყავს უკრაინელი მრევლი ამერიკაში, კანადასა თუ სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, უფსკრული გააჩინა მართლმადიდებლობის წიაღში”, – აცხადებენ ინაშვილი და თარხან-მოურავი.  

მათი თქმით, ადარდებთ “სოხუმისა და ცხინვალის სამღვდელოებისა და მრევლის მომავალი” და “გულნატკენნი” არიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საეკლესიო პოლიტიკით. თუმცა ილია მეორეს სთავაზობენ, უკრაინის მიმართ საქართველოს ეკლესიამ “კანონიკურად”  და “სამართლიანად” იმოქმედოს, რაც მათი აზრით, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილების უარყოფას გულისხმობს. 

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალზედ გულნატკენნი ვართ რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო პოლიტიკით სოხუმსა და ცხინვალში, მოწიწებითა და თავმდაბლობით გთავაზობთ,- რუსეთს უკრაინაში ვუპასუხოთ საპირისპირო ქმედებით, ვუპასუხოთ კანონიკური, სამართლიანი და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური პოზიციით, ანუ ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაშიც და 2016 წლის კრეტის კრებაზეც. ჩვენი აზრით, ეს მართებული იქნება რელიგიური თვალსაზრისით და, ამავდროულად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სიკეთის მომტანიც იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი