ახალი ამბები

დაკბენილი სხეული და გენიტალიები – 2 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის საქმე

27 იანვარი, 2019 • 5936
დაკბენილი სხეული და გენიტალიები – 2 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის საქმე

გამოძიება 2 წლის ბავშვზე სავარაუდო, ძალადობის საქმეს სწავლობს.

რ2-ის გადაცემა p.s-ში გასული სიუჟეტის თანახმად, რამდენიმე კვირის წინ, მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში მიიყვანეს, მას სხეულზე ნაკბენები ჰქონდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბავშვს ნაკბენი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მათ შორის სასქესო ორგანოზეც ჰქონდა. ბავშვი საავადმყოფოში შარდვის შეკავების პრობლემით მიიყვანეს.

სიუჟეტის თანახმად, ბავშვის დედა თავდაპირველად ამბობდა, რომ ბავშვი მისმა დამ დაკბინა, თუმცა ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მცირეწლოვანი ზრდასრული ადამიანის კბილებით იყო დაკბენილი.

“ეს არ იყო ერთი სილურჯე, აქ იყო მრავლობითი ჰემატომა, ამიტომ ექიმს გაუჩნდა ეჭვი, რომ საქმე ოჯახურ ძალადობას ეხებოდა. ამის გამო ეს საქმე პოლიციას გადავეცით,”- აცხადებს გადაუდებელი დახმარებისა და ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ოთარ რუსაძე.

როგორც რუსთავი 2-ს ბავშვის დედა უყვება, ბავშვზე სავარაუდო ძალადობა ძველით ახალ წელს მოხდა. დედა ყვება, რომ ბრალდებულს ბავშვზე ძალადობა არ უფიქრია და ეს გადამეტებული “მოფერება” იყო. მისივე თქმით, ამ დროს ეს ადამიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

“მე ვიცნობ ამ პიროვნებას, ის მსგავს რაღაცაში არ არის შემჩნეული. მე მის ოჯახსაც კარგად ვიცნობ, შვილების გადამკვდარი მამაა. შრომობს, ალალი შრომით ცხოვრობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე ამ ადამიანს აღარ ვუჩივი,”-ამბობს ბავშვის დედა.

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყეს. ბრალდებული დაკავებული იყო, თუმცა რუსთავი 2-ს ინფორმაციით, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის მარი წერეთელის შეფასებით, მომხდარი არის ცალსახად ძალადობა და არც ერთ შემთხვევაში ეს ყველაფერი “ზედმეტ მოფერებას” არ უნდა დაბრალდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი